თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა სახელმწიფო ბრალდების შუამდგომლობა და უძრავი ქონებისა და სამეწარმეო ორგანიზაციის წილების გამოძალვის, ასევე თავისუფლების უკანონო აღკვეთის ორგანიზებაში ბრალდებულ ბიზნესმენ გია უდესიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა, ხოლო გამოძალვაში მონაწილეობისთვის ბრალდებულ ზაზა გუგავას, აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო 50 000 ლარის ოდენობით შეუფარდა. შესაბამისი გადაწყვეტილება მოსამართლე რომან ხორავამ გამოცხადა.
სასამართლო პროცესს ესწრებოდა ერთ-ერთი ბრალდებული ზაზა გუგავა. რაც შეეხება ბიზნესმენ გია უდესიანს, ის რამდენიმე წელია ქვეყანაში არ იმყოფება.
შეგახსენებთ, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, უძრავი ქონებისა და სამეწარმეო ორგანიზაციის წილების გამოძალვის, ასევე თავისუფლების უკანონო აღკვეთის ორგანიზების ფაქტებზე გია უდესიანის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.
პროკურატურის ინფორმაციით, დევნა მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,გ“ ქვეპუნქტებით და 24, 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით. ასევე, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო გამოძალვაში მონაწილე ზაზა გუგავას მიმართ, საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,გ“ ქვეპუნქტებით.