საშიში კორონავირუსის გავრცელების ტემპი დაჩქარდა.დაავადებულთა რაოდენობა იზრდება

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მეთაურმა, სი ცზინპინმა კომპარტიის პოლიტბიუროს საგანგებო სხდომა მოიწვია, რომელზეც განაცხადა, რომ საშიში კორონავირუსის გავრცელება დაჩქარდა. მსხვერპლის რაოდენობა 56 ადამიანამდე გაიზარდა, დაავადებულთა რიცხვი კი 1975 –მდე.

ჩინეთის სახელმწიფო ტელეარხების ინფორმაციით ქვეყანა მძიმე მდგომარეობაშია.

პეკინსა და შანხაიში ადგილობრივმა ხელისუფლებებმა მოქალაქეებს მიმართეს, რომლებიც დაავადების გავრცელების რაიონებიდან ჩამოიან, რომ ნებაყოფლობით თქვან უარი 14 დღის განმავლობაში ხალხმრავალ ადგილებში გამოჩენაზე.

წუხელ ჩინეთი ახალ წელს შეხვდა, თუმცა კორონავირუსის აფეთქების გამო ბევრი საახალწლო ღონისძიება გადაიდო.
მთელ მსოფლიოში კორონავირუსით უკვე 2000 ადამიანზე მეტია დაავადებული.

დაავადების შემთხვევათა უმრავლესობა და გარდაცვალების ყველა შემთხვევა ჩინეთში მოხდა, თუმცა ვირუსი აღმოჩენილია ტაილანდში, ვიეტნამში, სინგაპურში, იაპონიაში, სამხრეთ კორეაში, ტაივანში, ნეპალში, საფრანგეთში და აშშ–ში. დაინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა ჰუბეის პროვინციასა და მის ადმიისტრაციულ ცენტრში, უხანში აღირიცხება.

შაბათს ავსტრალიის ხელისუფლებამაც დაადასტურა ამ ქვეყანაში კორონავირუსის დაფიქსირების პირველი შემთხვევა. მელბურნის საავადმყოფოში ჩინეთიდან 19 იანვარს ჩასული მამაკაცი მკურნალობს, რომელიც ქალაქ უხანში იმყოფებოდა.
დღეს კი უკვე კანადაში განაცხადეს ახალი კორონავირუსის შემთხვევის შესახებ. დაავადებული ასევე უხანიდან ჩავიდა ქვეყანაში.

თავად უხანში და მიმდებარე უფრო მცირე ქალაქებში– ეჩჟუოსა და ენშიში კარანტინი გრძელდება. უხანში არ დადიან ავტობუსები, გაჩერებულია მეტრო, შეწყვეტილია სახმელეთო და ავიამიმოსვლა ამ ქალაქთან. გზებზე აშენებულია ბლოკპოსტები. დაკეტილია კაფეები და კინოთეატრებაი. ქალაქში დაჩქარებული ტემპით დაიწყეს ათას პაციენტზე გათვლილი საავადმყოფოს მშენებლობა. ჩინური მედია ამტკიცებს, რომ მშენებლობა 3 თებერვლისთვის დასრულდება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ჯერჯერობით საერთაშორისო მაშტაბით საგანგებო მდგომარეობა არ გამოუცხადებია, რადგან ჩინეთის საზღვრებს გარეთ ჯერჯერობით ვირუსის აღმოჩენის შემთხვევები ცოტაა. თუმცა ორგანიზაციის ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ მალე სიტუაცია საგანგებოში გადაიზარდოს.

ჯანდაცვის ექსპერტები ამბობენ, რომ ვირუსის გამავრცელებლები შესაძლოა ისეთი ადამიანებიც აღმოჩნდნენ, რომლებსაც თავად არანაირი სიმპტომი არ გააჩნიათ.

ჩინელმა მეცნიერებმა გამოაქვეყნეს ჩინეთში ვირუსის აღმოჩენის პირველი შემთხვევების დეტალური კვლევა.
მასში მოყვანილია მონაცემები ბავშვზე, რომელსაც არანაირი სიმპტომები არ ქონია, თუმცა მის ფილტვებში აშკარად იყო კორონავირუსი.

მეცნიერების თქმით შესაძლოა საქმე გვქონდეს უსიმპტომო ინფექციასთან, რაც კიდევ უფრო გაართულებს მასზე კონტროლს.