საქალაქო სასამართლოში როენა ხუცურაულის, იგივე როენა მამიდას პროცესი მიმდინარეობს, სადაც მის მიმართ და ასევე, სასტუმროს მეიჯარე ზინაიდა ქორიძის მიმართ აღკვეთის ღინისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ.
პროსტიტუციის ხელშეწყობის ბრალდებით დაკავებული, სასტუმრო „მამიდას“ მფლობელი, როენა ხუცურაული, იგივე როენა მამიდა აცხადებს, რომ სასტუმროს კათარზისად გადაკეთებას აპირებდა.
“სამი თვის წინ ვაპირებდი ზინაიდა ქორიძესთან ხელშეკრულების შეწყვეტას. ქირა ვერ მოჰქონდა და ამიტომ მინდოდა შემეწყვიტა. ზინაიდან მითხრა, მეწილეები მყავს და ქირას მოგიტანო, კიდევ შანსი მივეცი. დიდი ხნის მოფიქრებული მქონდა, კათარზისი მინდოდა გამეკეთებინა”, – განაცხადა ხუცურაულმა.
დაკავებულებს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლით წარედგინათ, რაც პროსტიტუციის ხელშეწყობას გულისხმობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია: სასტუმრო „მამიდას“ მფლობელი, 1960 წელს დაბადებული რ. ხ. -მეტსახელად „მამიდა“, ამავე სასტუმროს მოიჯარე, 1972 წელს დაბადებული ზ. ქ. – მეტსახელად „სალომე“ და სასტუმრო „გოლდის“ მფლობელი, 1976 წელს დაბადებული ნ. დ. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 2-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დადგინდა, რომ დაკავებულები, თავიანთ კუთვნილ სასტუმროებში ფართს, პროსტიტუციის ხელშეწყობის მიზნით, სისტემატურად აქირავებდნენ. გამოძიება მიმდინარეობს პროსტიტუციის ხელშეწყობის და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სასტუმროს ნომრების პროსტიტუციისთვის გადაცემის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 254-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, ასევე, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით.