სათანადოდ დაისაჯოს ყველა ადამიანი, ვინც დანაშაულის დაფარვაში მონაწილეობდა- ირმა ნადირაშვილი იზორიას ძმის კადრებზე

ევროპული საქართველოს ლიდერის, ირმა ნადირაშვილის განცხადებით, პასუხისგებაში უნდა მიეცეს ყველა ის ადამიანი, ვინც იზორიას ძმის დანაშაულის დაფარვაში მონაწილეობდა.

ნადირაშვილი ,,მთავარის” გავრცელებულ კადრებს ეხმაურება, რომელშიც ჩანს, თუ როგორ აკავებენ ლევან იზორიას ძმას, ვახო იზორიას, მაღალჩინოსნების ჩარევის შემდეგ კი ათავისუფლებენ.

“ჩვენ სახეზე გვაქვს, სულ ცოტა, უფლებამოსილების გადაჭარბებება. ვითხოვთ, რომ აუცილებლად დაიწყოს გამოძიება და პასუხი გაგვცენ კითხვაზე, როგორ მოხდა, რომ პოლიციელები, რომლებიც ასრულებდნენ თავიანთ მოვალეობას და დააკავეს ადამიანი, რომელიც მათი აზრით და კადრებიდანაც ჩანს, რომ არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს, აიძულეს, რომ დანაშაული ჩაედინათ და სამართალამცველებს სამართალდამრღვევი გაეთავისუფლებინათ. ამაზრზენი იყო, როდესაც ვხედავდით პატრულის მაღალჩინოსნები როგორ უხდიდნენ ბოდიშს იზორიას ძმას და იზორიას პირად მძღოლს. ეს იყო დამამცირებელი კადრები თითოეული მოქალაქისთვის და პოლიციისთვის. ამიტომ, ჩვენ ვითხოვთ, რომ ჩატარდეს სრულფასოვანი გამოძიება ამ საკითხზე და ყველა ის ადამიანი, რომელიც ჩართული იყო ამ დანაშაულის დაფარვაში, იყოს გამოვლენილი და სათანადოდ დასჯილი”,-აცხადებს ირმა ნადირაშვილი.

მისი თქმით, კადრები ადასტურებს, რომ ივანიშვილს სახელმწიფო მიტაცებული აქვს.

“კადრები, რომელიც ვნახეთ, ადასტურებს, როგორ აქვს მიტაცებული ივანიშვილს და მის ჩინოვნიკებს სახელმწიფო. ეს კადრები ადასტურებს, რომ თუ ემსახურები ივანიშვილს კარგად, მაშინ შეგიძლია შენი ოჯახის წევრები და ნათესავები თავზე დაასვა მთელ პოლიციას, ქვეყანას და მოქალაქეებს”,-აღნიშნა ნადირაშვილმა.

გუშინ პოლიციელმა გაასაჯაროვა კადრები, რომელზეც ასახულია, როგორ აკავებს იგი მაშინდელი შს მინისტრის მოადგილის, ლევან იზორიას ძმას სამართალდარღვევის ფაქტეზე, თუმცა შსს-ს მაღალჩინოსნების ჩარევის შემდეგ, მას ათავისუფლებენ.