“მგონია, რომ ძალიან სერიოზულ საყვედურს მიიღებენ ორგანიზაციები, ვინც ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ასეთ უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა” – ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის შეფასებისას განუცხადა.
მდინარაძემ ის ნაწილი შეაფასა, სადაც შეცდომით ნათქვამია, რომ 2018 წლის ივლისში საქართველომ მარიხუანას კულტივიზაციის და წარმოების ლეგალიზაცია დაუშვა სამედიცინო მიზნებისთვისა და პირადი მოხმარებისთვის.
„ანგარიშში გვხვდება, რომ თითქოს საქართველომ მიიღო გადაწყვეტილება მარიხუანას კულტივაციის შესახებ. ეს ასე არ მომხდარა, რადგან ჩვენ საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინებით, შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტიდან უკან გავიწვიეთ. ეს სერიოზული უხერხულობაა და იმედია, მომავალში ჩვენს მთავარ პარტნიორს ასეთი უხერხულობა აღარ შეექმნება“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.