საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები მაისში პასპორტებს უფასოდ მიიღებენ

საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები, პირველი მაისიდან პირველ ივნისამდე მიმდინარე საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიულ პასპორტებს უფასოდ მიიღებენ.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც საზღვარგარეთ იმყოფებიან და ვადაგასული პასპორტი აქვთ, ვერ ახერხებენ საზღვრის გადაკვეთას და სხვა სამართლებრივი პროცედურების შესრულებას, მათ შორის საარჩევნო უფლების რეალიზაციას. იუსტიციის სამინისტროს აქციით სარგებლობა ამ პრობლემებსაც გადაჭრის.

ბიომეტრიული პასპორტის მისაღებად უცხოეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ, მიმართონ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებს ან საკონსულო დაწესებულებებს.

აღსანიშნავია, რომ საზღვარგარეთ მყოფ 12-დან 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვნებს და სრულწლოვან პირებს, თუ ერთხელ მაინც აქვთ მიღებული საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტი, მათი ბიომეტრიული მონაცემების ხელმეორედ გამოყენება შესაძლებელია. ახალი ბიომეტრიული პასპორტის გაცემის მიზნებისათვის, შეუძლიათ, სახლიდან გაუსვლელად დაუკავშირდნენ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დისტანციური მომსახურების სამსახურს და ელექტრონული ფორმით გააკეთონ განაცხადი ბიომეტრიული პასპორტის მიღების თაობაზე.