“საზოგადოება ბესელიობანით დაიღალა”- ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა ვანო ზარდიაშვილმა განაცხადა.
ზარდიაშვილი უარყოფს ეკა ბესელიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საქართველოს ახალ კონსტიტუციაში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის თაობაზე ჩანაწერი მიხეილ ჩინჩალაძის ინიციატივით გაკეთდა.
„მსგავსი ინფორმაცია პირველად მოვისმინეთ. ეკა ბესელიას განცხადებებზე კომენტარებს არ გავაკეთებ, რადგან საზოგადოება ბესელიობანით დაიღალა. არ ვაპირებ, მის კომენტარებზე კომენტარების კეთებას. ეკა ბესელიას განცხადება არის აბსურდული, რადგან კონსტიტუციასთან მიმართებით ერთპიროვნულ განცხადებას ვერავინ მიიღებს. კონსტიტუციას თავისი მიღების წესი აქვს, ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიღება გამორიცხულია. მოსამართლეთა კანდიდატების წარდგენის უფლება ექსკლუზიურად იუსტიციის უმაღლეს საბჭოს აქვს და ამ პროცესში ნებისმიერი სხვა სახელისუფლებო შტოს ჩარევა იკრძალება. ეს არის ხელისუფლების დანაწილების მთავარი პრინციპი. ზოგიერთი მედიასაშუალების მიზანია, ეკა ბესელიამ პოლიტიკურ ველზე იტივტივოს, მაგრამ საზოგადოება დაღლილია ბესელიათი“, – განაცხადა ვანო ზარდიაშვილმა.
დღეს, პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტში გამართულ მოსმენაზე განაცხადა, რომ საქართველოს ახალ კონსტიტუციაში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის თაობაზე ჩანაწერი მიხეილ ჩინჩალაძის ინიციატივით გაკეთდა.