“სცენის კონსტრუქციები გატანილი იყო იმიტომ, რომ მოხდა ტერიტორიის დასუფთავება” – კახა კალაძე

„ეს არის ძალიან დიდი ტყუილი“ – ასე ეხმაურება კახა კალაძე რუსთაველის გამზირიდან საპროტესტო აქციის მონაწილეების კუთვნილი ატრიბუტიკის გატანას. თბილისი მერი ამბობს, რომ სცენა და ჯებირები ადგილის დასუფთავების მიზნით გაიტანეს, ხოლო რაც შეეხება დინამიკებს და გახმოვანების აპარატურის წაღებას, მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

„ეს არის ძალიან დიდი ტყუილი, რომ ადამიანებს აბრალებენ, თითქოს, დინამიკები და მთლიანად გამახმოვანებელი სისტემა წაიღეს. ეს ფაქტი რა ყოფილა. არ ფიქსირდება. რაც შეეხება თვითონ ე.წ. სცენის კონსტრუქციებს, ეს გატანილი იყო იმიტომ, რომ მოხდა მთლიანად ტერიტორიის დასუფთავება. სხვათა შორის ხოშტარიასგან გამიკვირდა ამ განცხადებების გავრცელება, რომ საუბრობდნენ, თითქოს, მერიამ წაიღო აპარატურა და გამახმოვანებელი სისტემა. ეს არის ტყუილი და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მცდელობას ნამდვილად არ მივცემთ არავის,“ – განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება აქციაზე მისულ პროვოკატორებს, თბილისის მერი ამბობს, რომ ისინი უბრალოდ სტუდენტები არიან.

“ნებისმიერ ადამიანს, ნებისმიერ სტუდენტს, ნებისმიერ ახალგაზრდას ჰქონდა უფლება, მისულიყო გუშინდელ აქციაზე იმიტომ, რომ ეს იყო სტუდენტების მიერ დაანონსებული აქცია. და არა პოლიტიკოსების მიერ,“ – განაცხდა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის წინ განთავსებული სცენა და მოაჯირები ადგილზე მისულ აქციის ორგანიზატორებს წაღებული დახვდათ. მას შემდეგ, რაც ფაქტს ოპოზიციის და სამოქალაქო აქტივისტების პროტესტი მოჰყვა, მერიამ სცენა უკან დააბრუნა.