სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებული ლექტორი ბათუმის საკრებულოში თანამდებობას ტოვებს


ბათუმის საკრებულოს პრესსამსახური განცხადებას ავრცელებს, რომლის  მიხედვით, ბათუმის საკრებულოს წევრი ომარ მახარაძე იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარის თანამდებობასა და ფრაქცია „ქართული ოცნება – მრეწველების“ რიგებს ტოვებს.

მათი ინფორმაციით, თანამდებობის დატოვების შესახებ  ომარ მახარაძემ საკრებულოს თავმჯდომარეს წერილობით დღეს მიმართა.

„იმისათვის, რომ დადგინდეს ჭეშმარიტება და არავინ იფიქროს, რომ ჩემი მხრიდან ადგილი ექნება რაიმე სახით არამართლზომიერი ჩარევის მცდელობას, მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო საკრებულოში დაკავებული თანამდებობა და ფრაქციის რიგები სიმართლის დადგენამდე. იმედი მაქვს, შესაბამისი ორგანოები დაადგენენ ჭეშმარიტებას, რადგან ჩემთვის ამ საქმის მორალურ მხარეს აქვს უპირატესი მნიშვნელობა“, – ნათქვამია ომარ მახარაძის განცხადებაში.

ბათუმის საკრებულოს რეგლამენტის შესაბამისად, ომარ მახარაძის განცხადების თაობაზე გადაწყვეტილებას საკრებულო უახლოეს სხდომაზე მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა ლექტორი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა და სამართალდამცავებს მიმართა.

მოგვიანებით გაირკვა, რომ შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი ამავდროულად  ბათუმის საკრებულოში „ქართული ოცნების“ დეპუტატია.