სექსუალური ძალადობა ბავშვებზე: 9 თვეში 114 პირი ამხილეს, შსს მშობლებს მიმართავს

2019 წლის ცხრა თვეში არასრულწლოვნის მიმართ სქესობრივი დანაშაულის ჩადენაში 114 პირია მხილებული. ყველაზე დაფარული დანაშაულის სტატისტიკა შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორმა გააცნო საზოგადოებას.

როგორც ნინო ცაციაშვილმა ბრიფინგზე აღნიშნა, სექსუალური ხასიათის ქმედების ჩადენისთვის პასუხისგებაში სულ მიეცა 152 პირი, 38 პირი სრულწლოვნის მიმართ ჩადენილ სექსუალური ხასიათის ქმედებაში იქნა მხილებული.ხოლო 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში – 16 პირი.

არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილ სექსუალური ხასიათის საქმეებში ყველაზე მეტად ჭარბობს გარყვნილი ქმედებისა და სრულწლოვნის მიერ 16 წლის ასაკს მიუღწეველთან ნებაყოფლობითი სქესობრივი კავშირის შემთხვევები. 

2018 წელთან შედარებით, გარყვნილი ქმედების ჩადენის ფაქტებზე არასრულწლოვანთა და მათი მშობლების მხრიდან მომართვიანობის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაზრდილია, რაც ამ მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე მიუთითებს.

გარყვნილი ქმედების ფაქტებზე შეტყობინების ინიციატორები არიან:

ოჯახის წევრი/მშობელი – 53%
დაზარალებული ბავშვი – 8%
სოციალური მომსახურების სააგენტო – 6%
მანდატურის სამსახური – 6%
სკოლა – 4%
მეზობელი – 3%
ბავშვზე ზრუნვის ინსტიტუციები – 1%
არასამთავრობო ორგანიზაცია – 1%
სხვა – 18% 

უწყება მიმართავს მოსახლეობას, ბავშვების მშობლებს და ყველა იმ პირს, ვისთვისაც ცნობილი ხდება არასრულწლოვანთა მიმართ განხორციელებული სქესობრივი დანაშაულის შესახებ, დაუყოვნებლივ აცნობონ პოლიციას, რათა მოხდეს დანაშაულზე დროული რეაგირება.

შსს წარმომადგენელმა დღეს იმ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტზე ისაუბრა, რომელიც სქესობრივი დანაშაულის ჩამდენ პირთა მიმართ სასჯელის გამკაცრებასა და მათთვის გარკვეული უფლებების ჩამორთმევას ითვალისწინებს.

სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდგომ, დანაშაულის ჩამდენ პირებს აეკრძალებათ სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებებში მუშაობა და ა.შ.
შეიქმნება სქესობრივი დანაშაულებისთვის მსჯავრდებულ პირთა ბაზა, რომლის მიზანი იქნება სქესობრივი დანაშაულის ჩამდენ პირთა კონტროლი და მათი მხრიდან მოსალოდნელი სექსუალური ძალადობისგან არასრულწლოვნების დაცვა. აღნიშნულ პროექტს საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე დაუჭირა მხარი.
სამინისტროში შეიქმნა მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახური. კოორდინატორები პრიორიტეტულად მუშაობენ სქესობრივი დანაშაულის მსხვერპლ არასრულწლოვნებთან და ეხმარებიან დანაშაულის შედეგად გამოწვეული პირველადი სტრესის გამკლავებასა და შესაბამისი სერვისებით სარგებლობაში.