სექსუალური შევიწროება დასჯადი ხდება-პარლამენტმა სექსუალური შევიწროების შესახებ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი ერთხმად დაუჭირა.
კანონის მიხედვით, სექსუალური შევიწროების ფაქტი გამოიწვევს 300 ლარიან ჯარიმას. ხოლო აღნიშნული ქმედების ერთი წლის განმავლობაში ჩადენა – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით ან გამასწორებელ სამუშაოებს ერთ თვემდე ვადით.
ამასთან, სექსუალური შევიწროება ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, ორსულის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის მიმართ ან არასრულწლოვნის თანდასწრებით გამოიწვევს დაჯარიმებას 500-დან 800 ლარამდე ოდენობით. აღნიშნული ქმედების ერთი წლის განმავლობაში გამეორება კი, გამოიწვევს დაჯარიმებას 800-დან 1000 ლარამდე ოდენობით ან გამასწორებელ სამუშაოებს ერთ თვემდე ვადით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 10 დღემდე ვადით.
“ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებებით, სექსუალური ხასიათის ქცევაში იგულისხმება სექსუალური ხასიათის ფრაზების გამოთქმა ან მიმართვა, გენიტალური ორგანოების ჩვენება, ნებისმიერი სიტყვიერი, არასიტყვიერი და სექსუალური ხასიათის სხვა ფიზიკური ქცევა.
ცვლილებათა პაკეტის მიხედვით, სექსუალური შევიწროება დარეგულირდება შრომით ურთიერთობებშიც.
“შრომის კოდექსის“ თანახმად, სექსუალურ შევიწროებად ითვლება სექსუალური ხასიათის არასასურველი ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს და იწვევს პირის ღირსების შელახვას ან მისთვის დამამცირებელი, მტრული ან შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას.
საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ფარგლებში მომზადდა და მისი ინიციატორები პარლამენტის წევრები თამარ ჩუგოშვილი, თამარ ხულორდავა, დიმიტრი ცქიტიშვილი, რატი იონათამიშვილი, გუგული მაღრაძე, ენძელა მაჭავარიანი და გიორგი ტუღუში არიან.