სერიოზულად ამ კვლევის დეტალებზე არ ვაპირებ საუბარს- მდინარაძე NDI-ს კვლევაზე

ქართული ოცნების დეპუტატის, მამუკა მდინარაძის თქმით, ის NDI-ს ახალ კვლევაზე სერიოზულად ვერ ისაუბრებს, კვლევის სანდოობა კი საზოგადოებამ უნდა განსაჯოს.

,,სერიოზულად რომელიმე დეტალზე ამ კვლევიდან არ ვაპირებ საუბარს, სადაც CRRC-ის გამოქვეყნებულ კვლევები რამდენად სანდოა განსაზღვროს საზოგადოებამ, როდესაც 15%-ს უწერდნენ ქართულ ოცნებას და მაშინ ქართული ოცნება იღებდა 49%-ს. ახლა უწერენ 20%-ს, ანუ ჩვენ ვიღებთ 49%-ზე გაცილებით მეტს, ეს გასაგებია – გნებავთ ხუმრობით, გნებავთ სერიოზულად მიიღეთ. სერიოზულად ამ კვლევის დეტალებზე არ შეიძლება საუბარი,”- აცხადებს მდინარაძე.

კითხვაზე, სჯერა თუ არა მას კალაძის რეიტინგის, დეპუტატი პასუხობს რომ კალაძეს ასეთი მაჩვენებელი იმიტომ აქვს, რომ სინამდვილეში გაცილებით მაღალია მისი რეიტინგი.

,,კალაძეს წარმოიდგინეთ , რას უზამდნენ, მას რომ არ ჰქონდეს გაცილებით მაღალი რეიტინგი”,- ამბობს მამუკა მდინარაძე.

ცნობისთვის, დღეს გამოქვეყნებული NDI-ს ახალი კვლევის მიხედვით, ,,ქართული ოცნების” რეიტინგი 20%-მდე შემცირდა, კალაძის დადებითი შეფასების მაჩვენებელი კი მმართველ გუნდში ყველაზე მაღალი, 34%-ია.