საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში კორონავირუსის ეპიდემიასთან დაკავშირებით საუბრისას დაავადებათა კონოტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს, ამირან გამყრელიძეს მადლობა გადაუხადა. სააკაშვილი პანდემიასთან დაკავშირებით არსებულ სიტუაციაზე საუბრობდა, რომელშიც მისი აზრით დიდ როლს თამაშობს ლუგარის ლაბორატორია. სააკაშვილი ამბობს, რომ მისი დამსახურებით საქართველოს სამედიცინო ინფრასტრუქტურა დღეს ბევრ სხვა ქვეყანაზე უკეთ არის მომზადებული:
“მე მაგალითად მქონდა საშუალება ნიკუშა გამომეყვანა საქართვეოლდან, ჩამომეყვანა უკრაინაში, მაგრამ ჩვენ ყველამ ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება,რომ საქართველო დღეს ბევრად უფრო დაცულია ინფრასტრუქტურის გამო, თუ გაითვალისწინებთ ხელოვნური ვენტილაციის აპარატებს, სამედიცინო პერსონალის მომზადებას, საავადმყოფოებს.“
წამყვანის კითხვაზე, როგორ აფასებს ამირან გამყრელიძის, თენგიზ ცერცვაძის და პაატა იმნაძის სამეულის მუშაობას, მიხეილ სააკაშვილმა თქვა:
“რაც შეეხება ამ სამეულს, მართლაც, და საერთოდ ქართველ ექიმებს ეკუთვნით ძალიან დიდი მადლობა ქართული საზოგადოებისგან და პირადად ჩემგანაც. მინდა ვთქვა, რომ მაგალითად შარშან ამირან გამყრელიძემ მიიღო მონაწილეობა, ჩემი შვილი იყო ავად ე.წ. ღორის გრიპით და თან გადაყვა და პირადად მადლობა მინდა ვუთხრა. ცერცვაძესთან მე ვმუშაობდი ძალიან მჭიდროდ და სანდრა მუშაობდა ძალიან მჭირდროდ როცა შიდსმა დაიწყო გავრცელება ძალიან სწრაფად. უნდა ვთქვა, რომ ცერცვაძის დამსახურებაა, რომ საქართველოში ვიჩ ინფექციის გავრცელების მინიმზაცია მოხდა მაშინ.პირველებმა შემოვიტანეთ მაშინ წამლები გლობალური ფონდიდან.
ესენი ძაან მაგრები არიან მართლა, მე არ ვიცი უკრაინაში ასეთი დონის ვინ არის.“– განაცხადა სააკაშვილმა.
ხელისუფლების ქმედებების შეფასებისას სააკაშვილი ამბობს, რომ მათ მიერ გატარებული ზომები მისთვის მისაღებია:
“ადვილია გვერდიდან კრიტიკა. არ ვარ ამათი დიდი ფანი, მაგრამ ძირითადი ზომები რაც არის მიღებული არის სწორი. სხვა საკითხია, რომ ეს ზომები უნდა მიღებულიყო უფრო ადრე. ჩინეთი უფრო ადრე უნდა ჩაგვეკეტა, ირანიც. ამაზე ვლაპარაკობდი მე და ქსენოფობად გამომიყვანეს„– ამბობს სააკაშვილი, თუმცა ხელისუფლებას სხვა საკითხებში აკრიტიკებს, მათ შორის დაუცველად დარჩენილ ემიგრანტებთან დამოკიდებულებაში და ეკონომიკურ პოლიტიკაში.