სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშის მონაცემებით, 2018 წელს საქართველოში 23 295 აბორტი გაკეთდა. აპარატის შეფასებით, დინამიკა დადებითია, რადგან 2017 წელს 24 308 შემთხვევა დაფიქსირდა.
ომბუდსმენის ცნობით, ამ ტენდენციის მიუხედავად, უსაფრთხო აბორტის ხელმისაწვდომობა კვლავ პრობლემად რჩება. დადგინდა, რომ რიგ შემთხვევებში, სერვისის გამცემი პირები ცდილობენ ქალებს, რომლებიც აბორტის სერვისს საჭიროებენ, გადააფიქრებინონ აბორტის გაკეთება. ამისთვის კი არაეთიკურ გზებსაც მიმართავენ.
“მიუხედავად ამ ტენდენციისა, უსაფრთხო აბორტის ხელმისაწვდომობა კვლავ პრობლემად რჩება. მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ რიგ შემთხვევებში, სერვისის გამცემი პროფესიონალები ცდილობენ ქალებს, რომლებიც აბორტის სერვისს საჭიროებენ, გადააფიქრებინონ აბორტის გაკეთება და ამისთვის, ზოგ შემთხვევაში, ისეთ არაეთიკურ გზებსაც მიმართავენ, როგორიც არის, სერვისის მიმღებისთვის განზრახ, არასწორი ინფორმაციის მიწოდება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.”
აბორტთან დაკავშირებული პრობლემები არსებობს მოზარდების შემთხვევაშიც. მონიტორინგით დადგინდა, რომ სამედიცინო მომსახურების გამწევი პირები
ხშირად არასრულწლოვნის ნების საწინააღმდეგოდ, არათუ ატყობინებს მშობელს აღნიშნული სერვისის გაწევის თაობაზე, არამედ მისგან წინასწარ ითხოვს ინფორმირებულ თანხმობასაც. სახალხო დამცველის აპარატის მიხედვით, მსგავსი შემთხვევები მოზარდი გოგონების ჯანმრთელობის დაცვის უფლებებს აზიანებს, რადგან მათ ეზღუდებათ რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისებზე ხელმისაწვდომობა.
” აღნიშნული პრაქტიკა ასევე ახალისებს არასრულწლოვნების მიერ არალეგალური გზების ძიებას სამედიცინო სერვისების მისაღებად, რაც მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას რისკის ქვეშ აყენებს”-აღნიშნულია სახალხო დამცველის 2018 წლის ანგარიშში.