“ათწლეულების განმავლობაში შავი ზღვა განიხილებოდა, როგორც ნაგავსაყრელი სამხრეთ აღმოსავლეთ ევროპული სოფლის მეურნეობისა და სამრეწველო ნარჩენებისგან. სიტუაცია იმდენად მძიმეა, რომ მეცნიერებმა მისი ნაწილები, თითქმის მთლიანად მკვდრად მიიჩნიეს” – ასე იწყება BBC-ის ჟურნალისტის ვიდეორეპორტაჟი, რომლის პირველივე კადრებზე ბათუმის ნაგავსაყრელი ჩანს.
შეიძლება თუ არა ევროპის ყველაზე ბინძური ზღვა გადარჩეს – ასე ასათაურებს BBC ვიდეორეპორტაჟს, სადაც ბრიტანელი ჟურნალისტი ცდილობს გაარკვიოს არსებობს თუ არა შავი ზღვის ეკოსისტემის გაუმჯობესების პერსპექტივა.
ჯონა ფიშერი შავი ზღვის ქვეყნებში მდგომარეობის გაგების მიზნით ჩვენს რეგიონს ესტუმრა. ჟურნალისტი ამბობს, რომ ბათუმის მთავარი ნაგავსაყრელი ამაზრზენად გამოიყურება.
„ნაგავსაყრელზე ნახავთ ცხოველებს, ფრინველებს და ადამიანებსაც კი, მაგრამ მთავარი პრობლემა არის ის, რომ ეს უზარმაზარი ნაგავსაყრელი შავი ზღვის სანაპიროსგან მხოლოდ 300-400 მეტრის დაშორებითაა.
ნაგავსაყრელის ქვეშ გადის წყლის მილები. წყალს კი ეს ნაგავი მდინარის გავლით ზღვისკენ მიაქვს , – ამბობს BBC-ის კორესპონდენტი და დასძენს, რომ შავი ზღვა ევროპის ყველაზე ბინძური ზღვაა.
“შავი ზღვის ყოველი კვადრატული მეტრის დაბინძურების ხარისხი ორჯერ მეტია ხმელთაშუა ზღვის დაბინძურების ხარისხთან შედარებით. ეს იმას ნიშნავს, რომ შავ ზღვაში ევროპის ზღვებს შორის ყველაზე უარესი სიტუაციაა დაბინძურების თვალსაზრისით” – აცხადებს BBC-ის რეპორტაჟში EMBLAS-Plus-ის (შავი ზღვის მონიტორინგის) წარმომადგენელი იაროსლავ სლობოდნიკი.
შავი ზღვის მთავარი დამაბინძურებლები მდინარეებია. მათ შორის არის დნეპრი, რომელიც რუსეთის, ბელარუსის და უკრაინის ტერიტორიებზე მიედინება.საქართველოდან სიუჟეტი სწორედ უკრაინაში ინაცვლებს.
არ ღელავთ იმაზე, რომ დაბინძურებულმა წყალმა შესაძლოა თქვენს ჯანმრთელობაზე უარყოფითად იმოქმედოს? – ამ კითხვით მიმართა ჯონა ფიშერმა დამსვენებლებს.
“ეს სისულელეა, რა დაბინძურებაზე საუბრობთ… მე მაინც ყველგან ვიცურავებ” – აღნიშნავენ რესპოდენტები ჟურნალისტთან.
სლოვაკეთის გარემოს დაცვის ინსტიტუტის წარმომადგენელი პიტერ ოსვალდი კი იმ ხალხის საყურადღებოდ, ვინც ფიქრობს, რომ სადღაც შორს, ზღვაშია დაბინძურება, ამბობს, რომ იგივე ქიმიკატებს ვხვდებით შავ ზღვაში მობინადრე თევზებსა და ზღვის სხვა არსებებში, რასაც რესტორანში მივირთმევთ
„საგანგაშოა, რომ შავი ზღვის სინჯებმა წყალში ქიმიკატების მაღალი კონცენტრაციაც აჩვენა, რაც მოულოდნელია ნაპირიდან 400 კილომეტრის დაშორებით, მაგრამ ეს ასეა.”- ამბობს ოსვალდი