“შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხში ვითარება უარესდება როგორც საქართველოსთვის, ასევე ალიანსისთვის”-ჯეიმს აპატურაი

შავი ზღვის უსაფრთხოება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე  განხილვის მთავარი თემა  იყო.

სხდომა ბრიუსელში ალიანსის შტაბბინაში მუდმივი წარმომადგენლების დონეზე გაიმართა.

“შეხვედრაზე საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები გაგვაცნო, მაგრამ მთავარი ყურადღება შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხს დაეთმო. ამისთვის არაერთი მიზეზი არსებობს. პირველ რიგში ის, რომ შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხში ვითარება უარესდება როგორც საქართველოსთვის, ასევე ნატო-სთვის. გარდა ამისა, ჩვენ წლების განმავლობაში ვმუშაობდით შავ ზღვაზე საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავებაზე. მომავალ კვირას გაიმართება ნატო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, სადაც განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა ასევე შავი ზღვის უსაფრთხოება იქნება. მინისტრებთან ამ საკითხზე საქართველოსთან თანამშრომლობის შემდგომ ნაბიჯებს შევათანხმებთ,”-განაცხადა ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაიმ.

“ნატო-ს წევრი ქვეყნები საქართველოს აქტიურად ეხმარებიან იმისთვის რომ პასუხობდეს იმ სტანდარტებს, რაც აუცილებელია ნატოსთვის”-განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკანიანმა.

ამ საკითხზე მომავალ კვირას ვაშინგტონში დაგეგმილ ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალზეც იმსჯელებენ, სადაც ამ კუთხით საქართველოსთან თანამშრომლობის ახალი პრაქტიკული ნაბიჯების შესახებ გამახვილდება ყურადღება. ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე ასევე ცნობილი გახდა, რომ მომავალ კვირას, ფოთში ნატო-ს მუდმივმოქმედი საზღვაო შენაერთების ხომალდები შემოვა.