შავიშვილის ქუჩის მცხოვრებლებმა კომპანია M2-ის მიერ დაგეგმილი კორპუსების მშენებლობა გააპროტესტეს

უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან მიხეილ შავიშვილის ქუჩის მცხოვრებლებმა კომპანია M2-ის მიერ დაგეგმილი კორპუსების მშენებლობა გააპროტესტეს. ადგილობრივები აცხადებენ, რომ კომპანია 4-ი , 12 სართულიანი კორპუსის აშენებას სარეკრეაციო ზონაში გეგმავს და პროექტი მერიაში უკვე შეტანილი აქვს. მათი თქმით თუ ტერიტორიაზე კორპუსები აშენდება, კიდევ ერთი მწვანე ადგილი დაიკარგება და მიმდებარე კორპუსებში მცხოვრებლებისთვის გაუსაძლისი პირობები შეიქმნება. მოსახლეობა თბილისის მთავრობას მიმართავს შეუნარჩუნდეს ტერიტორიას რეკრეაციული ზონის სტატუსი და არ გასცენ კორპუსების მშენებლობის ნებართვა.
შავიშვილის მოსახლეობის აქციას შეუერთდნენ სამოქალაქო მოძრაობის დამფუძნებელი ალეკო ელისაშვილი და არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებიც. მათი თქმით კახა კალაძის დაპირებების მიუხედავად ქალაქში ურბანული ქაოსი და დეველოპერთა მავნებლობა გრძელდება. იმ შემთხვევაში კი თუ M2-ს რეკრეაციულ სივრცეში კორპუსების აშენების ნებართვა მიეცემა, მშენებლების მადა კიდევ უფრო გაიზრდება.