შედეგი მიღწეულია, ტყიბულში მეშახტეების აქცია შეწყდა – თურნავა

ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა ტყიბულში GIG ჯგუფის, საქნახშირის წარმომადგენლებს და რამდენიმე გაფიცულ მეშახტეს შეხვდა. მინისტრის თქმით, შედეგი მიღწეულია და აქცია შეწყდა. დღეიდან ინვესტორი კომპანია არსებული ვითარების შესწავლას და საქმიანობას დაიწყებს, გადაიბარებს საქნახშირის ვალდებულებებს.

30 სექტემბრიდან კი, სახელფასო დავალიანებას დაფარავენ. მინისტრის განმარტებით, ეს არის ქართული კომპანია, რომელსაც ამ სფეროში დიდი გამოცდილება აქვს. ნათია თურნავას კომპანიის სახელი არ დაუკონკრეტებია.

სახელფასო დავალიანების გასტუმრებასთან ერთად მეშახტეები ტყიბულისთვის მაღალმთიანი რეგიონის სტატუსის მინიჭებას მოითხოვდნენ. ამბობდნენ, რომ ეს კომუნალურ გადასახადებს შეამცირებს და სოციალურ მდგომარეობას გააუმჯობესებს.

პრემიერმინისტრის დავალებით, ეკონომიკის მინისტრი დღეს ტყიბულში გაემგზავრა. როგორც გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა, ის რაც ტყიბულში ხდება, მიუღებელია. მისივე თქმით, თურნავა ტყიბულში არა გარემოებების და საქმის გასაცნობად, არამედ პრობლემის მოსაგვარებლად ჩავა.

ტყიბულში მეშახტეების საპროტესტო აქცია მესამე დღეა, გრძელდებოდა. პროტესტის მიზეზი სახელფასო დავალიანებაა.