ტროპიკული შტორმი „ბარი“, რომელიც ამ დროისთვის მექსიკის ყურეში გადაადგილდება, სავარაუდოდ ქარიშხლად გადაიქცევა. „ბიბისის“ ცნობით, სინოპტიკოსების პროგნოზით, ის ახალ ორლეანს დაარტყამს, რომელიც ძლიერი წვიმების შედეგად დატბორილია.
დონალდ ტრამპმა რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და ეროვნულ გვარდიას მოსახლეობის დახმარება დაავალა.
სინოპტიკოსების პროგნოზით, 12 ივლისს ქარის სიჩქარე საათში 119 კმ-ს მიაღწევს, როდესაც ეს მოხდება შტორმი ქარიშხლად ოფიციალურად გამოცხადდება. ის ლუიზიანას შტატში 25-35 სმ ნალექს გამოიწვევს და შეეხება ტეხასის შტატის ნაწილსაც.
ხელისუფლებამ მოსახლეობას სანაპირო ზონასთან მიახლოება აუკრძალა და მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხი დროებით თავშესაფრებში განათავსა.
მეტეოროლოგების პროგნოზით, ქარიშხალი ლუიზიანას სერიოზულ ზიანს მიაყენებს, რეგიონში ძლიერ წყალდიდობას ელოდებიან.