შეფასებები ბიძინა ივანიშვილის მიმართ სამარცხვინო და უსამართლოა- თურნავა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, შეფასებები ბიძინა ივანიშვილის მიმართ სამარცხვინო და უსამართლოა. ამის მიზეზი, თურნავას აზრით, ის არის, რომ ივანიშვილი მმართველი პარტიის თავმჯდომარეა.

„რაც შეეხება შეფასებებს ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიმართ, პირდაპირ გეტყვით ეს სამარცხვინო და უსამართლოა, იმიტომ, რომ ბატონი ბიძინა ჩვენი მმართველი პარტიის თავმჯდომარე გახლავთ“, – განაცხადა მინისტრმა „ბლუმბერგში“ გამოქვეყნებული სტატიის საპასუხოდ.

Bloomberg-ზე გამოქვეყნებულ სტატიაში ავტორმა ბიძინა ივანიშვილი “ჩრდილოვანი ბოსად” მოიხსენია.

ნათია თურნავამ ხელისუფლების მიერ ლობისტური კომპანიების დაქირავებას პოზიტიურად აფასებს, რადგან, როგორც ის ამბობს, იმ ზღვა ინფორმაციაში, რაც მიეწოდება დასავლეთს და მთელს მსოფლიოს, ძალიან ბევრი არასწორი და უსამართლოა.

,,მხოლოდ პოზიტიურად შეიძლება, რომ შევაფასოთ. იმიტომ, რომ იმ ზღვა ინფორმაციაში, რაც მიეწოდება დასავლეთს და მთელს მსოფლიოს, ძალიან ბევრი არის არასწორი, უსამართლო. ეს არის ძალიან კარგი არხი, რომ სიმართლე ვუთხრათ მთელს მსოფლიოს იმაზე, თუ რა პროცესები მიმდინარეობს საქართველოში და რა რეფორმებს ვახორციელებთ”,-ამბობს თურნავა.

13 თებერვალს, ცნობილი გახდა, რომ ,,ქართულმა ოცნებამ” აშშ-ში კიდევ ერთი ლობისტური კომპანია დაიქირავა, რომელსაც 300 ათას დოლარს გადაუხდის. შეთანხმებას ხელს ირაკლი კობახიძე აწერს.

ლობისტური კომპანია ,,ოცნებამ” წინა კვირაშიც დაიქირავა და მისი მომსახურება 900 ათასი დოლარი დაჯდება.