“ერევათ ოკუპანტებს ქართული ტერიტორიაა თუ არა”- გორის მერი

გორის მერი, კონსტანტინე თავზარაშვილი  ამბობს, რომ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ოკუპანტების შემოსვლის საშიშროება არ არსებობს. 

“უბრალოდ სამი ნიღბიანი [არის], ნიღბები უკეთიათ ხოლმე [ოკუპანტებს], დგას ცოტა მოცილებით სოფლის განაპირას. ჩვენი პოლიცია აკონტროლებს ტერიტორიას დაძაბულობა არ არის. შეღობილი არ არის მანდ მავთულხლართებით და ერევათ ქართული ტერიტორიაა თუ არა. უფრო სწორად იქეთა მხარე უნდა იყოს”, — განაცხადა თავზარაშვილმა.

კონსტანტინე თავზარაშვილმა ეს კომენტარი On.ge-სთან საუბრისას გააკეთა.

ადგილობრივი მაცხოვრებლების და დავით ქაცარავას ინფორმაციით,სოფელ ხურვალეთში, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე დღეს დილით რუსი სამხედროები შევიდნენ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ამ ეტაპზე არ დასტურდება, რომ ოკუპანტები საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე არიან.