“მე გეუბნებით, რომ ვერ გეუბნებით. არ მაქვს ამისი უფლება. ეს არის ჩემი პასუხისმგებლობა. ამ ყველაფერზე ახსნა-განმარტების მიცემის უფლება არ გამაჩნია და შეგიძლიათ მომკლათ, კომენტარს არ გავაკეთებ” – ასე უპასუხა პრეზიდენტმა შეწყალების საქმეებზე დასმულ ჟურნალისტების შეკითხვებს. ზურაბიშვილმა მედიის წარმომადგენლებს დაწყნარებისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ ამ საკითხზე განმარტების მიცემის ვალდებულება არ აქვს.
სალომე ზურაბიშვილი თბილისობის დღესასწაულზე ორბელიანის მოედანზე გამოჩნდა. ჟურნალისტებმა სცადეს მისი კომენტარი მოეპოვებინათ შეწყალების ბოლო სკანდალურ საქმეზე. გუშინ ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტმა მარიამობის შეწყალების ფარგლებში არასრულწლოვანთან სექსუალურ კავშირში მსჯავრდებულიც გამოუშვა ციხიდან.