“შეიძლება ითქვას, რომ “ნაციონალური მოძრაობა“ დაშლილია”-კალაძე

“შეიძლება ითქვას, რომ “ნაციონალური მოძრაობა“ დაშლილია, – ეს განცხადება  თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან გააკეთა.

“გამიჭირდება დაპირისპირებაზე რაიმე კომენტარი გავაკეთო. შეიძლება ითქვას, რომ “ნაციონალური მოძრაობა“ დაშლილია. ერთადერთი რაზეც დგას დღეს “ნაციონალური მოძრაობა“, ეს არის ტელეკომპანია „რუსთავი 2“ და ნიკა გვარამია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ რომ გუშინ ხუთ მუნიციპალიტეტში მერების რიგგარეშე არჩევნები გაიმართა.ასევე მიმდინარეობდა საკრებულოს შუალედური არჩევნები რვა მუნიციპალიტეტში. თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოში მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევდნენ საგარეჯოში, ადიგენში, ახმეტაში, ზესტაფონში, ჭიათურაში, ტყიბულში, წყალტუბოსა და ოზურგეთში.  მთაწმინდის ნომერ პირველ საარჩევნო ოლქში კი პარლამენტის შუალედური არჩევნები გაიმართა.

ცესკოს პირველადი შედეგებით, მერის რიგგარეშე არჩევნებში, ყველა  მუნიციპალიტეტში„ქართული ოცნების“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს.

ზუგდიდში – ქართული ოცნების” კანდიდატმა გიორგი შენგელიამ ხმათა 54,18%, ხოლო “გაერთიანებული ოპოზიციის” კანდიდატმა სანდრა რულოვსმა 42,84% მიიღო, მარნეულში – “ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა ზაურ დარგალმა ამომრჩეველთა ხმების 79,6% , “გაერთიანებული ოპოზიციის“ კანდიდატი აგილ მუსტაფაევმა 11,49%-ით ხოლო “ევროპული საქართველოს“ კანდიდატმა აკმამედ იმამკულიევმა 7,54% მიიღო, ზესტაფონში -ყველა უბნის მონაცემის დათვლის შემდეგ, მმართველი გუნდის კანდიდატმა გიორგი გოგლიჩიძემ ხმათა 50,75% მიიღო,მეორე ადგილს “გაერთიანებული ოპოზიციის“ კანდიდატი ბაქარ ხიჯაკაძე 34,26% – ით იკავებს,ხოლო “თავისუფალი საქართველო” – გიორგი წულაია 5,81% მოიპოვა , ჭიათურა – პირველ ადგილს ასევე „ქართული ოცნების“ კანდიდატი გივი მოდებაძე 64,58%- ით იკავებს, ხმათა 1%-ზე მეტი კიდევ მხოლოდ ორმა კანდიდატმა მიიღო. ესენი არიან: ზურაბ კუპატაძე 17,99% და დავით ჭუმბურიძე 15,26% , ხულო – “ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა ვახტანგ ბერიძემ არჩევნებში მონაწილეთა ხმების 70 %, ხოლო “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა ირაკლი ჯორბენაძემ 23, 7 % მიიღო.

მეორე ტური მხოლოდ  მთაწმინდის ოლქში გაიმართება.ცესკოს მონაცემებით,  მთაწმინდაზე “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ლადო კახაძემ ხმების 41 % მიიღო, „ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატების” კანდიდატმა შალვა შავგულიძემ კი  ხმების 36,83% მიიღო.