შეიძლება წერილები არაა ის ფორმა, რომლითაც უნდა საუბრობდნენ სტრატეგიული პარტნიორები და მეგობრები- გახარია

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიას თქმით, შეიძლება წერილები არ იყოს ის ფორმა, რომლითაც პარტნიორები და მეგობრები უნდა საუბრობდნენ, თუმცა მწვავე შეფასებებთან პრობლემა არ აქვს.

,,ჩვენ ყოველთვის მზად ვართ სტრატეგიულ პარტნიორებთან ყველა თემაზე მშვიდად დავსხდეთ და ვისაუბროთ. შეიძლება წერილები არაა ის ფორმა, რომლითაც უნდა საუბრობდნენ სტრატეგიული პარტნიორები და მეგობრები. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩვენ არანაირი პრობლემა არ გვაქვს, რომ ყველა სახის შეფასებები, თუნდაც მწვავე, სამართლიანი, შეიძლება ჩვენი გადმოსახედიდან უსამართლო (მივიღოთ), დავსხდეთ და ობიექტურად განვიხილოთ, რასაც გავაკეთებთ უახლოეს პერიოდში”,- ამბობს გახარია.

პრემიერ მინისტრი აღნიშნავს, რომ მიუხედავად წერილის მოტივებისა, მას სჯერა, რომ პარტნიორების მიზანი დემოკრატიული პროცესების ხელშეწყობაა, თუმცა შესაძლოა მათ შეფასებებში სუბიექტური მომენტებიც იყოს.

,,რა თქმა უნდა ისიც ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ რანაირი მოტივებიც არ უნდა არსებობდეს მსგავსი წერილების, შეფასებების, ქმედებების მიღმა, ჩვენ გვჯერა, რომ ესაა გულწრფელი ნაბიჯები იმ მეგობრობის და საქართველოს დემოკრატიული პროცესის მხარდასაჭერად, რომელსაც დარწმუნებულები ვართ, რომ აშშ და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი მხარს უჭერს.

თუმცა, შეფასებებში შეიძლება იყოს გარკვეული სუბიექტური მომენტები, რაზეც ვისაუბრებთ და ყველას ყველაფერს ავუხსნით და დავანახებთ ისე ობიექტურად, როგორც ეს ჩანს თბილისიდანაც, ვაშინგტონიდანაც, ბრიუსელიდანაც და სხვა დედაქალაქებიდანაც, რომლებიც ერთმნიშვნელოვნად და ხაზგასმით აღიარებენ იმ პროგრესს დემოკრატიზაციის თვალსაზრისით, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანამ გაიარა – ეს სახეზეა”,- აცხადებს გიორგი გახარია.

საუბარია წერილზე, რომელიც გიორგი გახარიას კონგრესმენებმა მიწერეს. წერილში ყურადღება გამახვილებულია ხელისუფლების მხრიდან ოპონენტების დევნაზე, მედიაზე ზეწოლაზე, პროპორციული არჩევნების ჩაგდებასა და სხვა საკითხებზე.