პოლიტიკური გაერთიანება “გირჩი” ლევან ჯიბღაშვილის საქმეზე პროკურატურას და სასამართლოს შეკითხვებით მიმართავს.”გირჩში” ჯიბღაშვილის გათავისუფლებას მიესალმებიან, თუმცა მათი შეკითხვები საქმის დეტალებს შეეხება, რომელიც არ ხმაურდება.
“ჩვენ ვულოცავთ ბატონ ლევან ჯიბღაშვილს თავისფლებას და მისგან განსხვავებით, ვფიქრობთ რომ არც ერთი ადამიანი ნარკოტიკების ფლობის და მოხმარების გამო არ უნდა იჯდეს ციხეში, უფრო მეტიც სრულად ვეთანხმებით საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობის ხაზს და ეს ადამიანის თავისუფალი განვითარების უფლების ნაწილი გვგონია.
შესაბამისად, იმედი გვაქვს რომ ბატონი ლევანი თავისუფლებაში დარჩება საქმის არსებითად გადაწყვეტის შემდეგაც.
ამავდროულად გვინდა, რომ ეს შემთხვევა სხვა ადამიანების გასათავისუფლებლადაც გამოვიყენოთ და გვაქვს შემდეგი კითხვები:
1. შინაგან საქმეთა სამინისტროსგან გვაინტერესებს რა ოდენობის და რა სახის ნარკოტიკული საშუალება იქნა ამოღებული?
2. პროკურატურისგან გვაინტერესებს იგივე ჯგუფის, იგივე ან ნაკლები ოდენობის ნარკოტიკული საშუალების ფლობის გამო (260-ე მუხლი) ბრალდებული პირების წინააღმდეგ რამდენჯერ იყო მოთხოვნილი აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა, უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში?
3. სასამართლოსგან გვაინტერესებს, იგივე ჯგუფის იგივე ან ნაკლები ოდენობის ნარკოტიკული საშუალების ფლობისთვის, რამდენ პირს შეეფარდა აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა, უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში?
4. სასამართლოსგან გვაინტერესებს, იგივე ან ნაკლები ოდენობის იგივე ჯგუფის ნარკოტიკული საშუალების ფლობისთვის რამდენ ადამიანს მიესაჯა ბოლო ერთი წლის განმავლობაში პატიმრობა?
5. სასჯელ აღსრულების სამინისტროსგან გვაინტერესებს რამდენი ადამიანი იხდის დღეს სასჯელს იგივე ჯგუფის, იგივე ან ნაკლები ოდენობის ნარკოტიკული საშუალების ფლობისთვის?
ჩვენ ვთვლით რომ ამ კითხვებზე პასუხის გაცემა აუცილებელია, იმისთვის რომ გამოვრიცხოთ შერჩევითი სამართლიანობის საფუძვლიანი ეჭვი ამ საქმეში, მით უმეტეს არსებობს ინფორმაცია, რომ დაზარალებული დაკავებისას ითხოვდა დახმარებას მაღალი თანამდებობის პირისგან, ქალაქის მერისგან.” – ნათქვამია გირჩის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ჯიბღაშვილმა გლდანის ციხე გვიან ღამით, 10 ათას-ლარიანი გირაოს გადახდის შემდეგ დატოვა.
პროკურატურა ჯიბღაშვილისთვის 15 ათას-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა, თუმცა თბილისის საქალაქო სასამართლომ მას აღკვეთი ღონისძიების სახით 10 ათას-ლარიანი გირაო შეუფარდა.