ქვიშხეთში, სარკინგზო გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებული მუშებსა და დამსაქმებელს შორის შეთანხმება არ შედგა.
პროფკავშირების წარმომადგენლის თქმით, მშენებლობაზე დასაქმებული სამოცივე მუშა გაფიცულია და ისინი სამუშაოს მანამდე არ დაუბრუნდებიან, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.
პროფკავშირების წარმომადგენელი, ილია ლეჟავა ამბობს, რომ საქართველოს რკინიგზა პასუხისმგებლობას ვერ გრძნობს, როდესაც დამსაქმებლად ჩინეთის 23-ე ბიურო შემოჰყავს.
“სამწუხაროდ, მოლაპარაკება ვერ შედგა, ადმინისტრაცია არ დათანხმდა, რომ დააკმაყოფილოს ამ ადამიანების მოთხოვნა. რა თქმა უნდა, ამ ადამიანების მოთხოვნა არის სამართლიანი, მათ უნდა მიიღონ ეს ანაზღაურება. პროტესტი გრძელდება და როგორც თავად დასაქმებულები ამბობენ კიდევ უფრო მწვავე ფორმებს მიიღებს”, — აღნიშნა რუსთავი 2-თან საუბრისას ილია ლეჟავამ.
ქვიშხეთის სარკინგზო გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებული მუშები დღეს გაიფიცნენ. ისინი დღიური ხელფასის 20 ლარიდან 30 ლარამდე გაზრდას და შრომის პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ.