საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ შეწყალებულთა სიის ერთადერთი ავტორი პრეზიდენტია. ზურაბიშვილის კომენტარს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
“არც ერთი ადამიანი, რომელიც არის შეწყალებული, ანგელოზი არ არის, არც ერთი არ არის ჩემ მიერ გამართლებული. ეს არიან ადამიანები, რომლებიც აღმოჩნდნენ რაღაც გარემოებებში და რომლებიც, ჩემი შეფასებით, ჩავთვალე, რომ შეიძლებოდა, შემეწყალებინა. ეჭვი არ მაქვს, ყველა ამ საკითხზე შეიძლება იყოს ორი, სამი ან ბევრი სხვადასხვა მოსაზრება“, – განუცხადა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს ნიუ იორკში.
“კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ შეწყალება ეს არ არის ახალი სასამართლო, რომელიც ექვემდებარება რაღაც ობიექტურ კრიტერიუმებს. ეს არის შეფასება ერთი ადამიანის მიერ, რომელიც არის პრეზიდენტი და რომელსაც ეს უფლება აქვს, შეაფასოს გარემოებები და არა გამართოს ახალი სასამართლო. ეს არის ცნებების არევა”, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
მისივე განცხადებით, შეწყალებაზე მორატორიუმის გამოცხადებით არავის უფლება ირღვევა.
“მე გამოვაცხადე ჩემი წუხილი, რომ საზოგადოებაში ამდენი ვნებათაღელვა ატყდა ამ საკითხების შესახებ და ამიტომ, მორატორიუმი გამოვაცხადე. რადგან ამაზეც იყო რეაქციები, ხაზგასმით ვიტყვი, რომ არ არსებობს უფლება, რომ იყო შეწყალებული. მორატორიუმი არ არის არავის უფლებების დარღვევა. ეს არის ფრთხილი გადაწყვეტილება, იქიდან გამომდინარე, რაც საზოგადოებაში მოხდა ამ კუთხით. დაველოდოთ გამოძიებას, ამ საკითხზე მე არაფერი ახალი აღარ მაქვს სათქმელი, სამწუხაროდ”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.