შეწყალების პრაქტიკა ამნისტიას ემსგავსებოდა, კომისია იუსტიციის სამინისტროში გადავა – ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილის განმარტებით, შეწყალების კომისია იუსტიციის სამინისტროში გადავა. როგორც პრეზიდენტმა პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, შეწყალების ის პრაქტიკა, რომელიც წინა პრეზიდენტების დროს არსებობდა, ზოგჯერ უფრო ამნისტიას ემსგავსებოდა, ვიდრე იმ კონცეფციას, რომელიც საფუძვლად უდევს პრეზიდენტის დისკრეციულ უფლებას. „ შეწყალების დისკრეციული უფლება ნიშნავს პრეზიდენტის მიერ განსაკუთრებული და გამორჩეული ინდივიდუალური საქმის შერჩევას, სადაც უპირატესობა ჰუმანურ პრინციპებს ენიჭება. ამ პრინციპების ზედმიწევნით დაცვა ნიშნავს იმას, რომ შეწყალების აქტების რაოდენობა საგრძნობლად შემცირდება. ეს ასევე შეამცირებს რისკებს საზოგადოებისთვის, რომლებიც ყოველთვის თან ახლდა მასობრივ შეწყალებას. გათვალისწინებულია შეწყალების კომისიის იუსტიციის სამინისტროში გადასვლა“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა