„შეწყალებით ნამდვილად არ ხდება დამნაშავის გამართლება, არამედ ხდება მისთვის სასჯელის ფორმის შეცვლა“, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.
მან ისაუბრა საქართველოს პრეზიდენტის მიერ შეწყალების აქტის განხორციელების შესახებ და აღნიშნა, რომ პრაქტიკულად მთელ საზოგადოებაში არსებობს კითხვები შეწყალებასთან დაკავშირებით.
„ზოგადად, შეწყალების პროცესი გულისხმობს სწორედ იმას, რომ დამნაშავის შეწყალება ხდება და როგორც ვიცით, ეს ხდება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ პრაქტიკულად, პრეზიდენტს ან მონარქს ყველა ქვეყანაში აქვს შეწყალების უფლება. შეწყალებით ნამდვილად არ ხდება დამნაშავის გამართლება, არამედ ხდება მისთვის სასჯელის ფორმის შეცვლა. როგორც ვისაუბრეთ, ბევრ ჩვენგანს, პრაქტიკულად მთელს საზოგადოებას აქვს კითხვები, თუ რომელი კატეგორიის დამნაშავეებზე უნდა გავრცელდეს შეწყალება პირველ რიგში, როგორ უნდა წარიმართოს ეს პროცესი, რათა ჩვენ ასეთი კითხვები არ გვქონდეს და ყველანი ვიყოთ დარწმუნებული იმაში, რომ შეწყალების პროცესი წარიმართება სწორად და გამართულად“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.