შეწყვიტეთ ჩემი არასრულწლოვანი შვილების თვალთვალი- გიორგი დვალიშვილი სუს-ს

პოლიციელი გიორგი დვალიშვილის თქმით, მას შემდეგ რაც ლევან იზორიას ძმის კადრები გაასაჯაროვა, მის ოჯახზე თვალთვალი მიმდინარეობს და მისი 3 არასრულწლოვანი გოგონა ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ იმყოფება.

,,მყავს 3 არასრულწლოვანი შვილი, 3 გოგო, რომლებიც სისტემატურად იმყოფებიან თვალთვალის ქვეშ, არიან სადარბაზოებშიც კი. ეს ძალიან ზედმეტია. ვერ ვიცავ ჩემს ბავშვებს, ფსიქოლოგიურად არიან უდიდესი წნეხის ქვეშ. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ მივმართავ, შეწყდეს ეს უკანონობა, მზად ვარ, ნებისმიერ შეკითხვაზე გავცე პასუხი. აქ ვარ, არსად არ მივდივარ”, – თქვა დვალიშვილმა.

ის ნაციონალური მოძრაობის წევრ, ხატია დეკანოიძესთან ერთად სუს-ის შენობასთან მივიდა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს მიმართა, შეწყვიტოს მისი ოჯახის თვალთვალი.

დეკანოიძის განცხადებით, თვალთვალი უკანონოდ, სასამართლოს განჩინების გარეშე მიმდინარეობს. მისივე თქმით, ამ ფაქტების შესახებ ინფორმაციას დიპლომატიურ კორპუსს მიაწვდის.

,,გუშინ შეშინებულმა შვილმა მე მომწერა. უკანონო თვალთვალი, რომელიც ხორციელდება მასზე, ამ შენობაში მყოფი ადამიანების მიერ მისი ოჯახის წევრებზე, ცოლზე, შვილებზე, არის იმ სისტემის მახინჯი სახე, რომელმაც დაფარა დანაშაული და მაღალჩინოსნის ოჯახის წევრი გაათავისუფლა საპატრულო პოლიციის მანქანიდან და ბოდიში მოახდევინა საქართველოს პოლიციელებს.

ჩვენ მოვედით აქ, თუ რამე აქვს სახელმწიფოს სათქმელი, მოვიდეს და აქ გვითხრას. მომხდარი უსამართლობის შესახებ ჩვენ აუცილებლად მივაწვდით ინფორმაციას დიპლომატიურ წარმომადგენლობებს”, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

გიორგი დვალიშვილმა 23 იანვარს მთავარ არხზე გაასაჯაროვა კადრები, რომელშიც ჩანს, როგორ აკავებს იგი მაშინდელი შს მინისტრის მოადგილის, ლევან იზორიას ძმას, შსს-ს მაღალჩინოსნების ჩარევის შემდეგ კი მის გათავისუფლებას აიძულებენ.