“შევარდნაძე ცოცხალი რომ იყოს, დაღლილ ვირს სოფლის მეურნეობის დღევანდელ მინისტრს დაარქმევდა“–ირაკლი ოქრუაშვილი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი გორის რაიონში სეტყვით დაზარალებულთა პროტესტს და სოფლის მეურნეობის მინისტრის მიერ მათთვის მიცემულ დაპირებებს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:
“შევარდნაძე ცოცხალი რომ იყოს, დაღლილ ვირს სოფლის მეურნეობის დღევანდელ მინისტრს დაარქმევდა.
მასთან შეხვედრაზე იმდენი სეტყვით დაზარალებული ნაცნობი სახე მომხვდა თვალში, ვისაც დღემდე შუბლზე და თვალის ქუთუთოებზე 41 აქვთ “დანაკოლკებული” და ოცნების დროშით დარბის, რომ (დანარჩენებმა რა დააშავეს თორემ) ალალია მათზე 200 ლარიანი კომპენსაცია ჰექტარზე.“ –წერს ირაკლი ოქრუაშვილი.
გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სეტყვამ 30-ზე მეტი სოფელი დააზარალა. ძირითადად, განადგურდა კურკოვანი ხილი და ბოსტნეული კულტურები. დაზარალებულებმა ზარალის ანაზღაურება მოითხოვეს და პროტესტის ნიშნად ავტობანის გადაკეტვა სცადეს. აქციის მონაწილეებსგარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი და შიდა ქართლის გუბერნატორი შეხვდნენ.
მოსახლეობა ერთჯერად დახმარებას ითხოვდა, თუმცა მინისტრის შეთავაზებები მათთვის მიუღებელი აღმოჩნდა და დიდმა ნაწილმა დარბაზი დატოვა.
დავითაშვილი მოსახლეობას პირდება, რომ ბანკებთან იშუამდგომლებს სესხების გადავადების ან შეღავათების თაობაზე. ასევე, პირობა დადო, რომ მთავრობა სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების დამონტაჟებაზე იზრუნებს.