შევეცდები, სამი რიცხვით დაგამახსოვროთ საქართველო: ესენია 1, 28 და 8000-მამუკა ბახტაძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. მამუკა ბახტაძეს კალიფორნიის Commonwealth club-ში საჯარო გამოსვლა ჰქონდა, სადაც საქართველოზე ისაუბრა.

“შევეცდები, სამი რიცხვით დაგამახსოვროთ საქართველო: ესენია 1, 28 და 8000. პირველი რიცხვია 1. საქართველოში პირველად გვყავს ქალი პრეზიდენტი – სალომე ზურაბიშვილი. ის პირველი ქალი პრეზიდენტია საქართველოში და მთელს რეგიონში და არჩეულია 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე 6-წლიანი ვადით. თავად არჩევნებიც ისტორიული მოვლენაა ჩვენი ქვეყნის წინსვლის გამო მრავალფეროვნებისა და დემოკრატიის მიმართულებით. მეორე რიცხვია 28. ზუსტად ამდენი წელია, გავთავისუფლდით საბჭოთა კავშირიდან და დემოკრატიული განვითარების საკუთარ გზას დავადექით, როგორც დამოუკიდებელი ერი. სიამაყით ვაცხადებ, რომ შეერთებული შტატები საქართველოს გვერდით იდგა ამ გზაზე ყველა ნაბიჯის გადადგმისას.

განხორციელებული რეფორმების შედეგად, საქართველო ყველაზე რეფორმატორ ქვეყნად მიიჩნევა მსოფლიოში. ეს არის ყველაზე სწრაფი ეკონომიკური ზრდის ტემპის მქონე ქვეყანა რეგიონში და ფართოდ არის აღიარებული ბიზნესი კეთების სიმარტივის გამო. მსოფლიოში მესამე ადგილზე ვართ საგადასახადო განაკვეთების სიმცირით. კაპიტალდაბანდება ჩვენს ხალხში და თანამედროვე ინფრასტრუქტურაში განვახორციელეთ, რაც ნაბიჯ-ნაბიჯ აყალიბებს საქართველოს რეგიონის ცენტრად. ჩვენი ძალისხმევის შედეგად, დღეს ნატო-სა და ევროკავშირის ზღურბლზე ვიმყოფებით, სავაჭრო შეთანხმებებს ვაფორმებთ ისეთ მეგობრებთან და მოკავშირეებთან, როგორიც ამერიკის შეერთებული შტატებია. მსოფლიო ბანკის ჯგუფის შეფასებებით, საქართველო მე-6 ადგილზეა ბიზნესის კეთების სიმარტივის ინდექსში, ხოლო „ფრეიზერის ინსტიტუტის“ რეიტინგით მე-7 ადგილზე ვართ ეკონომიკური თავისუფლების მხრივ, ხოლო ღია მმართველობაზე ნაკისრი ვალდებულების საფუძველზე მე-5 ადგილზე ვართ ღია ბიუჯეტის ინდექსში. ყველა მნიშვნელოვანი მაჩვენებელი სწორი მიმართულებით ვითარდება – იქნება ეს პრესის თავისუფლება, ეკონომიკური ზრდა, რომელიც 5 პროცენტს აღემატება და სამეზობლოში ორჯერ მეტია, ადამიანურ კაპიტალში ინვესტიციები თუ სხვა.

არქეოლოგების კვლევების შედეგად, საქართველო მსოფლიოში მეღვინეობის სამშობლოდაა აღიარებული. საქართველოში მეღვინეობის ტრადიცია 8 000 წლის წინ დაიწყო, დამწერლობის შექმნამდე 3 000, ხოლო რკინის ხანის დაწყებამდე 5 000 წლით ადრე. ქართული დამწერლობაც კი ვაზის ლერწმის მოხაზულობას წააგავს. ქართული წარმოშობისაა ვაზის ბევრი ჯიში, რომელიც დღეს ევროპასა და აზიაში მოჰყავთ. ამ სასმელის აღმნიშვნელი სიტყვა დასავლეთის ბევრ ქვეყანაში განსხვავებულადაა დამკვიდრებული, თუმცა ყველა მათგანი სავარაუდოდ ქართული ძირისაგან წარმოსდგება და ჟღერადობითაც წააგავს ღვინოს. ახლა კალიფორნიამ უკვე ბევრი რამ იცის ღვინის შესახებ. ჩემი ინფორმაციით, პირველი კალიფორნიული ღვინო 1760 წელს ჩამოისხა. თქვენ მსოფლიოში ამ სასმელის მე-5 უმსხვილესი მწარმოებელი ხართ – წელიწადში 240 მილიონი კასრი ისხმება და 75 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ეკონომიკური საქმიანობა წარმოებს, 300 000 და მეტი სამუშაო ადგილი იქმნება – და ეს ყველაფერი კალიფორნიის ფარგლებში. სავსებით არ არის ცუდი მაჩვენებელი ორიოდე ასეული წლის მქონე საქმიანობისთვის. საქართველოში 8 000 წლის განმავლობაში ტემპი ცოტათი დაბალი იყო, თუმცა ჩვენს ღვინოს დაძველება უხდება. როდესაც ერთსა და იმავე საქმეს აკეთებ 8000 წლის განმავლობაში, საბოლოოდ ნამდვილად იხვეწები”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.