“შევეცდებით, 100 000 ხელმოწერა შევაგროვოთ”-სანდრა რულოვსმა კომისიის შექმნაზე მაჩალიკაშვილების მოთხოვნას ხელი მოაწერა

“შევეცდებით, 100 000 ხელმოწერა შევაგროვოთ, რომ პარლამენტი იძულებული იყოს, თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმეზე საგამოძიებო კომისია შეიქმნას”, -ეს განცხადება სანდრა რულოვსმა პარლამენტთან გააკეთა, სადაც თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლებმა და მოხალისეებმა თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს.

სანდრა რულოვსმა მაჩალიკაშვილების ოჯახის მიმართ მხარდაჭერა ხელმოწერით გამოხატა.

„დღეს იწყება პეტიცია, გვინდა, თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობაზე შეიქმნას პარლამენტის საგამოძიებო კომისია. ეს წინადადება უკვე ორჯერ იყო შესული პარლამენტში, მაგრამ ამისთვის არ იყო ხმების საკმარისი რაოდენობა. სამწუხაროდ, ამ პარლამენტის დაკომპლექტება არ არის ზუსტი ანარეკლი იმისა, რა აზრიც არსებობს საზოგადოებაში და ჩვენ ამ პეტიციით გვინდა დადასტურება, რომ ხალხის ძალიან დიდი უმრავლესობა მხარს უჭერს მაჩალიკაშვილის ოჯახს ამ თხოვნაში. ჩვენ მას ამაში დავეხმარებით. ჩვენ რეგიონებში ვივლით მთელი ზაფხულის განმავლობაში, ხალხთან შეხვედრები გვექნება, არამარტო ჩვენი პარტიის მომხრეებთან, არამედ ეს იქნება ზოგადად, მოსახლეობის პეტიცია. შევეცდებით, შევაგროვოთ 100 000 ხელმოწერა და პარლამენტი იძულებული იყოს, ეს გაითვალისწინოს და საგამოძიებო კომისია შეიქმნას. მე მჯერა, რომ ეს კომისია მეტს გააკეთებს, ვიდრე ის, რაც აქამდე გამოძიება იყო და პროკურატურაში ხდებოდა. ყველგან გავესაუბრებით ხალხს, რადგან ხშირად მითქვამს და ვიმეორებ, ქვეყანა დიდ გასაჭირშია და ასე გაგრძელებას დიდხანს ვეღარ გაუძლებს. ხალხს ყველანაირად უნდა გავაგებინოთ ამის შესახებ, რომ ამ მთავრობის დრო მართლაც დასასრულს უახლოვდება”, – განაცხადა რულოვსმა.