რუსთაველის გამზირზე დღეს სავარაუდოდ 2 აქცია ერთდროულად გაიმართება.
რუსთაველის გამზირზე დილიდან შეკრებილი პრაიდის მოწინააღმდეგეები ადგილზე რჩებიან, ისინი აცხადებენ,რომ ხელს შეუშლიან ანტისაოკუპაციო აქციის ჩატარებას.
ანტისაოკუპაციო აქცია “სირცხვილია” უკვე მე-19 დღეა მიმდინარეობს. აქციის ორგანიზატორები განცხადებას ავრცელებენ და მოუწოდებენ მხარდამჭერებს, დღეს 19:00 საათზე რუსთაველის გამზირზე შეიკრიბონ მათი აქციებისთვის დამახასიათებელი სიმბოლიკით, საქართველოს, ევროკავშირისა და ნატო-ს დროშებით.
ასევე მოუწოდებენ ხელისუფლებას, რომ გაითვალისწინონ კონტრაქციის მონაწილეების ძალადობრივი მოწოდებები.
„ჩვენ, საქართველოს მშვიდობიან მოქალაქეებს, რომლებსაც გვაერთიანებს რწმენა, რომ ადამიანის თავისუფლება და თანასწორობა თავისუფალი სახელმწიფოს მშენებლობის საფუძველია, ვთანხმდებით, რომ რუსეთი არის ჩვენი ქვეყნის ისტორიული მტერი და ოკუპანტი, მხარს ვუჭერთ ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ მომავალს. მიგვაჩნია, რომ დღეს, როგორც საქართველოს ისტორიაში არაერთხელ, რუსთაველზე, პარლამენტის წინ წყდება ვის ეკუთვნის ეს ქვეყანა, ჩვენ, თავისუფალ ადამიანებს, თუ რუსეთის მიერ მხარდაჭერილ ძალებს, რომლებსაც დღევანდელი ხელისუფლება მფარველობს;
დღეს წყდება, მოახერხებენ თუ არა პრორუსული ძალები და რუსეთის ხელისუფლებისგან მართული ჯგუფები შექმნან ილუზია, რომ ეს ქვეყანა მათ ეკუთვნით; დღეს, პარლამენტის წინ ადგილობრივი გავრილოვები ცდილობენ თავისუფალი სივრცის სიმბოლურად დაპატრონებას;
მოვუწოდებთ თავისუფალ ადამიანებს, დღეს, 19:00 საათზე გამოვიდნენ რუსთაველის გამზირზე, მშვიდობიანად, ჩვენი აქციებისთვის დამახასიათებელი სიმბოლიკით, საქართველოს, ევროკავშირისა და ნატო-ს დროშებით
ამავდროულად, მოვუწოდებთ სახელმწიფოს, მხედველობაში მიიღოს კონტრაქციის მონაწილეების ძალადობრივი მოწოდებები, შეასრულოს მისი ვალდებულება და უზრუნველყოს შეკრება-მანიფესტაციის მონაწილეთა უსაფრთხოება და ამ უფლებით სრულყოფილი სარგებლობა;
გელოდებით რუსთაველზე, 19:00-დან “, – აღნიშნულია განცხადებაში.
მოსალოდნელ კონფლიქტურ სიტუაციასთან დაკავშირებით ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ შეეცდებიან, კონფლიქტი აირიდონ თავიდან.
“ჩვენ დავიცავთ ჩვენს სიტყვის თავისუფლებას, იმათ სიტყვის თავისუფლებას პატივს ვცემთ. მივალთ, გავესაუბრებით და შევეცდებით, კონფლიქტი ავიცილოთ თავიდან”-განჰაცხადა შოთა დიღმელაშვილმა.