ოქსფორდის უნივერსიტეტის ინფორმაციით, უნივერსიტეტის ინჟინერიის მეცნიერებათა ფაკულტეტმა და ოქსფორდის სუჟოუს კვლევითმა ცენტრმა კორონავირუსის ტესტირების სწრაფი საშუალება შეიმუშავეს.
„ახალი ტესტი ბევრად უფრო სწრაფია და არ საჭიროებს რთულ ინსტრუმენტებს. წინა, ფართოდ გავრცელებული ტესტის შედეგისთვის 1,5-2 საათი იყო საჭირო. მკვლევართა გუნდმა შეიმუშავა ახალი ტესტი, დაფუძნებული ტექნიკაზე, რომელსაც შეუძლია შედეგი ნახევარ საათში აჩვენოს“,- წერია ოქსფორდის უნივერსიტეტის გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
ამასთან, განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ახალი ტესტი ძალიან მგრძნობიერეა და პაციენტი, ვისაც ინფექციის ადრეული ეტაპი აქვს, მაინც შეიძლება გამოვლინდეს, რაც დაეხმარება ვირუსის გავრცელების პრევენციას.
ოქფორდის უნივერსიტეტის ცნობით, ტესტირების ახალი მეთოდის ყველა ცდა წარმატებული გამოდგა და ახლა მეცნიერები მუშაობენ ისეთი ტესტის შექმნაზე, რომელიც არა მარტო შესაბამის დაწესებულებებში, არამედ სახლის პირობებშიც იმუშავებს.
შედეგის გასაგებად არანაირი სპეციალური აპარატურა და ხელსაწყო საჭირო არ იქნება.
ცნობისთვის, კორონავირუსით მსოფლიოში ამჟამად 208 ათასზე მეტი ადამიანი ინფიცირებული, გარდაცვლილთა რაოდენობამ კი 8272-ს მიაღწია.