NATO-ში ჩვენი ინტეგრაცია არ უნდა რუსეთს, ავიცილოთ საფრთხე და ვთქვათ უარი?- სერგი კაპანაძე

,,NATO-ში ჩვენი ინტეგრაცია არ უნდა რუსეთს და ავიცილოთ თავიდან რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები და ვთქვათ უარი?”,- განაცხადა ,,ევროპული საქართველოს” ლიდერმა.

მისი აზრით, რასაც რუსეთი ითხოვს და მოსწონს, იმის გაკეთება საფრთხიდან გამოსავალი არ არის.
,,ივანიშვილისთვის საფრთხის აცილების მისაღები გზა არის ის , რომ რასაც მოითხოვს რუსეთი, ის გააკეთო. ეგ ყველაზე ადვილია. მაშინ ყოველთვის სხვას რაც უნდა, ის უნდა აკეთო და არანაირი საფრთხე აღარ გექნება. ეგ არ არის გამოსავალი უბრალოდ, ეგ არ არის ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა,”- ამბობს კაპანაძე.

ის ასევე აღნიშნავს, რომ ყველასთვის ცნობილი ფაქტია, რომ ანაკლიის აშენება და საქართველოს სტრატეგიული მნიშვნელობის ზრდა რუსეთს არ აწყობს, თუმცა ამის გამო პროექტზე უარი მთავრობამ არ უნდა თქვას. 

,,ჩვენ რომ ანაკლიის პორტი გვაინტერესებს, იმიტომ რომ საქართველოზე ტვირთებმა გაიაროს და ამან ჩვენი სტრატეგიული მნიშვნელობის და ეკონომიკის ზრდა გამოიწვიოს, ეს რომ რუსეთს არ აწყობს, ხო ვიცით? მიუხედავად ამისა, იმიტომ უნდა გავაკეთოთ, რომ ამით ხდება ჩვენი უსაფრთხოების გაზრდა. მაშინ იგივე NATO-ზე გავავრცელოთ, იგივე ლოგიკაა,”- განაცხადა კაპანაძემ მას შემდეგ, რაც ოცნების დეპუტატმა, რომან კაკულიამ თქვა, რომ მთავრობამ კონსორციუმს რუსული საფრთხეების აცილების გამო შეუწყვიტა კონტრაქტი.