“შიდა სამზარეულოს ნაწილობრივ გარეთაც გამოვიტანთ” VS რაღაცების მოყოლას დავიწყებ

{{ARTICLEIMAGE}}
ყველაფერი რომ მხოლოდ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეობის დატოვებით არ დასრულებულა, ეკა ბესელიამ მის მიერ თანამდებობის დატოვებისადმი მიძღვნილი ბრიფინგის დასრულების შემდეგ, უკვე იურიდიულ კომიტეტის სხდომაზე თქვა, როდესაც დარბაზში მყოფმა კოლეგებმა მას გადაწყვეტილების მიზეზებზე ჰკითხეს. ბესელიამ განაცხადა, რომ უფრო მეტს მომავალში იტყვის, თუმცა ბესელიას ხმაურიანი განცხადებების გაკეთება დღეს მაინც მოუწია – ამის მიზეზი კი ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის სოფიო კილაძის განცხადებები გახდა. კილაძეს გაუკვირდა, რატომ დაუკავშირა ბესელიამ თანამდებობის დატოვება მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის თემას, როცა სოფიო კილაძისვე თქმით, ბესელიას გადადგომაზე ინფორმაციები ჯერ კიდევ თვეების წინ ვრცელდებოდა. სწორედ ამ განცხადებას მოჰყვა ეკა ბესელიას კომენტარი, რომ “მეორე ეტაპის” დაწყება დღესვე უწევს და ის ყველაფრის მოყოლას დაიწყებს – თქვა, რომ თუ ადრე იყო მისი გადადგომა გადაწყვეტილი, ამ საკითხამდეც მივა და
მერე ვიღაც უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდება.


ეკა ბესელიას მიერ “სკანდალის” დაანონსებას დღესვე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ, რომელმაც განაცხადა, რომ “შიდა სამზარეულოს, ნაწილობრივ გარეთაც გამოიტანს და ბესელიას მიერ თანამდებობის დატოვების რეალურ მიზეზსაც იტყვის, თუმცა აღნიშნა, რომ ამას დღეს არ გააკეთებს.


“ეკა ბესელიას გადადგომის მიზეზები ჩვენ ვიცით, ამას ჰქონდა კონკრეტული მიზეზები. მიზეზები არის დიდწილად ჩვენი შიდა სამზარეულო, თუმცა, ამ შიდა სამზარეულოს ნაწილობრივ გარეთაც გამოვიტანთ და საზოგადოებასთან მოგვიანებით ვისაუბრებთ. დღეს მე თავს შევიკავებ კონკრეტული განცხადებების გაკეთებისგან, სჯობს, სხვა დროს გაკეთდეს ეს განცხადებები. არ არის მიზანშეწონილი იმ დღეს, როდესაც არის გაკეთებული განცხადება გადადგომასთან დაკავშირებით, იმ დღესვე გავაკეთოთ კომენტარი მიზეზებთან დაკავშირებით. თუმცა, გპირდებით, რომ ჩვენ ამ მიზეზებს დავუბრუნდებით და ჩვენ ამასთან დაკავშირებით გვექნება საზოგადოებასთან საუბარი. დღეს მე არც ერთ მიზეზს არ გავშლი”,განაცხადა ირაკლი კობახიძემ.