შინაგან საქმეთა სამინისტროში მართლწესრიგის ოფიცრის ვაკანტურ თანამდებობაზე დასაქმების მსურველთა განცხადებების მიღების მიმდინარეობს. მართლწესრიგის ოფიცრის 100 ვაკანსიაზე განცხადებების გაგზავნა შესაძლებელია hr.police.ge-ზე და hr.gov.ge-ზე.
ამ პოზიციის დასაკავებლად უმაღლესი განათლება აუცილებელი მოთხოვნაა. შერჩეული კანდიდატები, საკონკურსო ეტაპების გავლის შემთხვევაში, მართლწესრიგის ოფიცრის მოსამზადებელ სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას გაივლიან შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში. აკადემიაში სწავლის პერიოდი ანაზღაურებადია. შესაბამისად, შერჩეული პირები, ოფიცრის მოსამზადებელი პროგრამის გავლისას მიიღებენ შრომის ანაზღაურების ნახევარს. სწავლების წარმატებით დასრულების შემთხვევაში ოფიცრები ეტაპობრივად გადანაწილდებიან სამოქმედო ტერიტორიებზე.
მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტი ძველებური უბნის ინსპექტორის ერთგვარი ანალოგიაა. ოფიცრები დანაშაულისა და სამართალდარღვევების თავიდან აცილების მიზნით პრევენციული ღონისძიებების განხორციელებას უზრუნველყოფენ.
მართლწესრიგის ოფიცრის კომპეტენციაში შედის: არასრულწლოვნებთან, ოჯახში ძალადობასთან, სამეზობლო დავებთან, უკანონო მიგრაციასთან, მოწყვლად ჯგუფებთან დაკავშირებულ პრობლემებზე რეაგირება. ეს ინსტიტუტი ეტაპობრივად, ჯერ თბილისის მასშტაბით, ხოლო მოგვიანებით – მთელ საქართველოში დაინერგება.