ურთიერთბრალდებების, სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების რეჟიმში, თითქმის 7 საათი მიმდინარეობდა იურიდიული კომიტეტის სხდომა, რომელზეც უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის კრიტერიუმების შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებულ კანონპროექტს განიხილავდნენ. პროექტის კატეგორიულად მოწინააღმდეგეთა ბანაკი – ეკა ბესელია და გედევან ფოფხაძე ამტკიცებენ, რომ მათი ყოფილი თანაგუნდელების კანონპროექტი, მოსამართლეების დანიშვნისას პარლამენტის როლის დაკნინებისა და სასამართლო სისტემაში ე.წ. ჩინჩალაძე-მურუსიძის კლანის პოზიციების გამყარების გეგმაა. „იმაზე პატარა, ხარ, ვიდრე რეალურად ჩანხარ“,- ასე მიმართა ეკა ბესელიამ კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე მის შემცვლელს ანრი ოხანაშვილს, რის გამოც, სხდომის წამყვანს დავით მათიკასვილს კიდევ ერთხელ მოუწია ოხანაშვილის დაცვა. „დამშვიდდით, ბიჭებო, დამშვიდდით, დაიწყნარეთ ნერვები, ამიტომ გამეცადინე, რომ ასე წაგეყვანა სხდომა“, – უთზპა ეკა ბესელიამ დავით მათიკაშვილს.