,,საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციამ” მოძრაობა ,,სირცხილიას” აქტივისტები, შოთა დიღმელაშვილი და ჯაბა ზარქუა სიტყვის თავისუფლების ხელშეწყობისთვის დააჯილდოვეს. მათ ჯილდი წიგნის საახალწლო ფესტივალზე გადაეცათ.
ფესტივალი ყოველწლიურად იმართება და მწერლები და მთარგმნელები სხვადასხვა კატეგორიაში ჯილდოვდებიან. წელს , პირველად ფესტივალის ფარგლებში ჯილდო სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების განმტკიცებაში შეტანილი წვლილისთვისაც დაწესდა და ის ,,სირცხვილიას” წევრებს გადაეცათ.
,,საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცაციის” თავმჯდომარე, გვანცა ჯობავას თქმით, ფესტივალზე ახალი კატეგორიის დამატების მიზანი იმ მწერლებისთვის მადლობის გადახდა იყო, ვისაც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის სიტყვის თავისუფლების განმტკიცებაში.
“ლიტერატურა მთელი თავისი არსით სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაზეა დაფუძნებული. ამიტომ, წელს გადავწყვიტეთ ამ თვალსაზრისითაც შევაჯამოთ გასული წელი, მივუძღვნათ არაერთი ღონისძიება სიტყვის თავისუფლების თემას, ამ გზით გამოვეხმაუროთ ქვეყანაში მიმდინარე აქტუალურ მოვლენებს და მადლობა ვუთხრათ იმ ქართველ მწერლებს, რომელთაც ამ კუთხით განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით”, – აცხადებს გვანცა ჯობავა.
სამოქალაქო მოძრაობა ,,სირცხვილია” 20 ივნისს, გავრილოვის ღამეს დაწყებული პროტესტისას შეიქმნა. მოძრაობა დღემდე აქტიურად არის ჩართული სამოქალაქო აქტივიზმში.