დეპუტატი 6 მილიონით ქართუ ბანკში და 270 000 ევროს საათებით უმრავლესობიდან მიდის

შოთა შალელაშვილმა ფრაქცია “მრეწველები” დატოვა. თუმცა ჯერჯერობით  უმრავლესობიდან ოფიციალურად არ გასულა.
შოთა შალელაშვილი ქართული ოცნების სიით პარლამენტში 2016 წელს მოხვდა. მანამდე მას პოლიტიკასთან არაფერი აკავშირებდა. ის ქართული ოცნების სიაში კერძო ბიზნესიდან მოხვდა. იყო შპს “სავინიონის“ დირექტორი. მანამდე შპს “სანტარეას“ დირექტორი 2009–2014 წლებში. მანამდე, 2005-2009 წლებში “ტრანსსერვისის“ დირექტორი.
შოთა შალელაშვილმა მედიის ყურადღება საკუთარი ქონებრივი დეკლარაციებით მიიპყრო, რომლის შევსება გადეპუტატების შემდეგ დაიწყო. გაირკვა, რომ ის ქართული ოცნების სიაში ერთ– ერთი უმდიდრესი დეპუტატია. ბოლო დეკლარაცია შალელაშვილმა 2018 წლის დეკემბრის ბოლოს შეავსო. დეკლარაციიდან ჩანს, რომ მას ბანკ ქართუში ექვსი ანგარიში აქვს, რომლებზეც ჯამში 6 მილიონი დოლარია განთავსებული.
შედარებით მცირე თანხები აქვს სხვა ბანკებში: თიბისი ბანკში – 40 000 ევრო და 852 დოლარი.
BANK LEUMI ISRAEL –ში კი 214 048 დოლარი და 17 346 შეკელი, რაც დაახლოებით 6595 დოლარია.
გრაფა, რომელშიც მისი ან ოჯახის წევრების 1500 ლარს ზევით ნებისმიერი შემოსავალ–გასავალი უნდა იყოს აღრიცხული, ცარიელია.
ცარიელია 500 ლარს ზევით ღირებულების საჩუქრების გრაფაც.
პარლამენტის წევრობიდან მიღებულმა ხელფასმა ბოლო ერთი წლის მანძილზე 48 158 ლარი შეადგინა
დეკლარანტის და მისი ოჯახის წევრების სამეწარმეო საქმიანობაში მონაწილეობის შესახებ გრაფა ცარიელია. არ ფლობს ფასიან ქაღალდებს.ნაღდი ფულის სახით შოთა შალელაშვილს 10 000 დოლარი აქვს . წყაროდ მითითებულია დანაზოგი,ასევე 1000 შვეიცარული ფრანკი. მეუღლეს , ირა ფიჩხაძეს კი ნაღდი ფულის სახით 6000 დოლარი აქვს. წყაროდ ამ შემთხვევაშიც დანაზოგი აქვს მითითებული.
საინტერესოა მოძრავი ქონების გრაფა, სადაც დეპუტატს ავტომობილები და სხვა ნივთები აქვს მითითებული.
2012 წელს მან დაახლოებით 300000 დოლარად MERCEDES S-500 შეიძინა.
ყავს ასევე 2009 წელს 55 000 დოლარად შეძენილი NISSAN TEANA
2013 წელს 120 000 დოლარად შეძენილი MERCEDES GL-450
2014 წელს 220 000 დოლარად შეძენილი AUDI S8.
2017 წელს 153 000 ევროდ შეიძინა Mercedes-Maybach S 560
2008 წელს 3 მილიონ დოლარად შეიძინა 4 ფერწერული ტილო.
2014 წელს კი 270 000 ევროდ 3 მაჯის საათი შეიძინა.
შთამბეჭდავია მისი მეუღლის, ირა ფიჩხაძის სამკაულების სია.
ბეჭედი 3 ცალი 2012 ნასყიდობა     120000 EUR
საყურე 2 ცალი 2013 ნასყიდობა     160000 EUR
სამაჯური 3 ცალი 2014 ნასყიდობა 150000 USD
ყელსაბამი 2 ცალი 2010 ნასყიდობა250000 GBP
საათი 3 ცალი 2009 ნასყიდობა       120000 EUR
ჯამში ირა ფიჩხაძის სამკაულების ღირებულება 400 000 ევროს, 150 000 დოლარს და 250 000 ბრიტანულ ფუნტს შეადგენს.
შოთა შალელაშვილი ფლობს უძრავ ქონებას ისრაელში – ბინას და მიწის ნაკვეთს საერთო ღირებულებით დაახლოებით 10 500 000 დოლარი.
ბინას მოსკოვში ღირებულებით 1 390 000
259 კვ. მ. ბინას თბილისში, ტარას შევჩენკოს ქუჩაზე ღირებულებით 480 000 დოლარი.
600 კვ. მ. მიწის ნაკვეთი სამტრედიაში კი მემკვიდრეობით მიიღო.
მის მეუღლეს, ირა ფიჩხაძეს 100 % იან საკუთრებაში მითითებული აქვს 4 მიწის ნაკვეთი და 3 არასაცხოვრებელი ფართი ქობულეთში, აღმაშენებლის გამზირზე.
თითოეულის ფართი 281 000 კვ. მ –ია. და ყველ მათგანი დეკლარაციის მიხედვით 2016 წელს არის ნაჩუქარი.