შოთაძე პროფესიონალია, მის ხელში პროკურატურა ეფექტური და მაღალპროფესიონალური იქნება- ვოლსკი

ქართული ოცნების წევრის, გია ვოლსკის თქმით, არა შოთაძის, არამედ ოპოზიციის მეორედ და მესამეც მოსვლაა მიუღებელი, ვინც შოთაძის კანდიდატურას აკრიტიკებს.

მისი თქმით, ირაკლი შოთაძე პროფესიონალია და მის ხელში პროკურატურა ეფექტური და მაღალპროფესიონალური იქნება.

„ვფიქრობ, საზოგადოებისთვის იმ ოპოზიციის მეორედ და მესამედ მოსვლაა აბსოლუტურად მიუღებელი, რომელიც ამ თემაზე ინტენსიურად საუბრობს. რაც შეეხება შოთაძეს, ის პროფესიონალია. არ ვფიქრობ, რომელიმე პოლიტიკურ პარტიას უნდა ჰქონდეს იმის იმედი, რომ პროკურატურა, მისი ხელმძღვანელობის პირობებში, რაიმე შეკვეთას შეასრულებს ან რაიმეზე უკან დაიხევს, იმის გამო, რომ პოლიტიკური კონიუნქტურა საზოგადოებას ამა თუ იმ მიმართულებას კარნახობს. შოთაძის ხელში პროკურატურა ეფექტური და მაღალპროფესიონალური იქნება“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ირაკლი შოთაძესთან გასაუბრება საპროკურორო საბჭოში 11:00-საათიდან მიმდინარეობს.

მის კანდიდატურას ოპოზიცია აკრიტიკებს, მმართველი გუნდი კი მხარს უჭერს.

შოთაძის კანდიდატურა საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა წარადგინა.