“ეს არის გახარიას გადაწყვეტილება რომ ჟურნალისტებმა ვეღარ გააშუქონ პროცესი”-ოპოზიცია კაპანაძის დაკავებაზე

ონლაინ გამოცემა “PRESA.GE”-ის მთავარი რედაქტორი, გიორგი კაპანაძე დაკავებულია. კაპანაძე ზუგდიდის გზაზე პოლიციის ესკორტს იღებდა და სწორედ ამ დროს მოხდა ინციდენტი. კაპანაძის დაკავებას ოპოზიციის წარმომადგენლები ეხმაურებიან, მათი აზრით ჟურნალისტების დაკავებები შს მინისტრის  პირადი მითითებებით ხორციელდება. 

„ამ შემთხვევაში, ჩვენ უკვე ვხედავთ, რომ რა სტატუსით არის კაპანაძე დაკავებული, ჩვენ არ ვიცით. ჩნდება ეჭვი, რომ პრინციპში დღეს პოლიცია ერთადერთ რამეს ცდილობს, ჟურნალისტები გაანეიტრალოს, იმიტომ, რომ TV1-ის შემთხვევაში ჩვენ დავინახეთ, რომ ჟურნალისტი იღებდა დარღვევებს, იღებდა იმას, რომ კოორდინატორებს ჰქონდათ სამაგიდო სიები და ამ დარღვევების დროს მოხდა მასზე ძალადობა. ამიტომ, ყველანაირ ზღვარს გადასცდა ჟურნალისტების მიმართ დღევანდელი ქმედება,“ – განაცხადა  „საქართველოს რესპუბლიკური პარტიის“ პოლიტიკურმა მდივანმა თამარ კორძაიამ.

„ახლა უკვე ნაცვლად იმისა, რომ სხვები ძალადობდნენ “ქართული ოცნების” სახით, თავად პოლიცია ჩაერთო ძალადობაში ჟურნალისტების წინააღმდეგ, იმიტომ, რომ სხვა ეს არაფერი არ იყო, ეს ადამიანი ახორციელებდა თავის ჟურნალისტურ საქმიანობას,“ – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ბოკუჩავას თქმით, შს მინისტრი სამეგრელოშია და სწორედ მისი პირადი მითითებებით ხორციელდება ჟურნალისტების დაკავებები.

„პირდაპირ იტაცებენ ადამიანს, კი არ აკავებენ. ეს არის, რა თქმა უნდა, გადაწყვეტილება გახარიასი, რომ გიორგი კაპანაძემ და იმ ჟურნალისტებმა, რომლებიც კრიტიკულად გააშუქებენ იმ პროცესს, რომელიც მიმდინარეობს დღევანდელი კამპანიის პირობებში, რომ აღარ გააშუქონ, ეს არის ზუსტად მათი გადაწყვეტილება,“ – განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ზუგდიდში, სოხუმის ქუჩაზე, წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის გიორგი კაპანაძე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს.