შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ახალ მოადგილედ ნინო ცაციაშვილი დანიშნა.
ის ამ დრომდე შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე მუშაობდა. ის პროფესიით სამართალმცოდნეა.
2007-2010 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. მიენიჭა სამართალმცოდნეობის მაგისტრის აკადემიური ხარისხი.
2017-2019 წლებში იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე.
2014-2017 წლებში საქმიანობდა საქართველოს მთავარი პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის ანალიტიკური სამმართველოს პროკურორად.
2009-2014 წლებში მუშაობდა პროკურატურის სხვადასხვა სტრუქტურულ დანაყოფში პროკურორის პოზიციაზე.
2007-2008 წლებში იყო ქ. თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის სტაჟიორი.
2016 წლიდან მუშაობს ტრენერად შემდეგი მიმართულებებით: არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება, გამოძიების ელექტრონული პროგრამა, სასამართლო უნარ-ჩვევები, საპროცესო დოკუმენტების შედგენა.
2016-2018 წლებში მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში, მიწვეულ ტრენერად.
2009-2019 წლებში, ეუთოს, ევროპის საბჭოს, ევროკავშირის პროექტების ფარგლებში მონაწილეობდა 30-მდე საერთაშორისო და ადგილობრივ სასწავლო ვიზიტში, ტრენინგსა თუ კონფერენციაში, მათ შორის ისეთ თემებზე, როგორიც არის: „სიძულვილით მოტივირებული დანაშაულები“ (2017 წელი – დიდი ბრიტანეთი); „მოწმისა და დაზარალებულის უფლებრივი მდგომარეობა“ (2017 წელი – ყაზახეთი). „ადამიანის უფლებათა ევროპული სტანდარტები და კვლევის მეთოდოლოგია“ (2016 წელი – საქართველო.
ევროპის საბჭოს მიერ ორგანიზებული დისტანციური სწავლების HELP-ის პლატფორმით გავლილი აქვს ტრენერთა ტრენინგი (2017 წელი) და ანტიდისკრიმინაციულ საკითხებზე სწავლების პროგრამა (2016 წელს).
ასევე, გავლილი აქვს სპეციალური სწავლება „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება, ფსიქოლოგია და არასრულწლოვანთა ურთიერთობის მეთოდიკა“ (2015 წელი).