“შსს დაგვპირდა, რომ „ღირსების მარში“ მშვიდობიანად ჩატარდება” – „თბილისი პრაიდი“

“თბილისი პრაიდის”ცნობით, შსს-გან მიიღეს დაპირება, რომ უწყება უზრუნველყოფს 18-23 ივნისს დაგეგმილი კვირეულისა და “ღირსების მარშის” მშვიდობიანად ჩატარებას.

კვირეულის ორგანიზატორებმა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან დღეს უკვე მეორე სამუშაო შეხვედრა გამართეს. მთავარი თემა იმ რისკების განსაზღვრა იყო, რაც შესაძლოა თან ახლდეს კვირეულის ჩატარებას.

“ჩვენი გუნდი აპირებს, რომ სახელმწიფოსთან მოლაპარაკებების პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალედ წარმართოს და როგორც ქვიარ თემს, ასევე მხარდამჭერებს მიაწოდოს ინფორმაცია მოვლენების განვითარების შესახებ.

შსს-ს წარმომადგენლების განცხადებით, სახელმწიფო გააკეთებს მაქსიმუმს, რომ ღირსების მარში მშვიდობიანად ჩატარდეს და დაცული იყოს თითოეული გამომსვლელის უსაფრთხოება. შეხვედრაზე თბილისი პრაიდის გუნდმა შსს-ს წარუდგინა მსვლელობის მარშრუტის ორი ალტერნატიული ვარიანტი, რომელიც ერთობლივი მუშაობის შედეგად სავარაუდოდ მაისში გასაჯაროვდება.

უნდა აღინიშნოს, რომ პრაიდის კვირეულის დაგეგმვა ჩვენმა გუნდმა სწორედ უსაფრთხოების ანალიზით და რისკების შეფასებით დაიწყო. ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ, რომ “ღირსების მარშის” ორგანიზება უაღრესად ჰომოფობიურ გარემოში გვიწევს და ვითვალისწინებთ აღნიშნულ გარემოებას. თუმცა ამ პროცესში საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვების იმედი და პირველ რიგში სახელმწიფო ინსტიტუტების ეფექტური მუშაობის მოლოდინი გვაქვს. ჩვენი მიზანია რომ გაიზარდოს მიმღებლობა საქართველოში და მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგათ უფლებრივი თანასწორობისკენ. ამის მისაღწევად კი გვერდში დგომა და ერთიანობა გვჭირდება. საზოგადოებაში არსებული სიძულვილი და აგრესია არ არის მხოლოდ ლგბტქი ადამიანების პრობლემა. ჩვენ გვჯერა რომ თანასწორუფლებიანობა დემოკრატიული სახელმწიფოს საწინდარია და ამ რთული გზის გავლა მხოლოდ ერთიანობით და თანამშრომლობით არის შესაძლებელი.”-ნათქვამია “თბილისი პრაიდის” განცხადებაში.

“თბილისის პრაიდის” ორგანიზებით “ღირსების მარშის” კვირეული 18 ივნისს დაიწყება.