შსს:დავით კირკიტაძე პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს

{{ARTICLEIMAGE}}
შს სამინისტროს განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობის” წევრი დავით კირკიტაძე პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს, რაც 4-7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ინფორმაციას “ტვპირველი” ავრცელებს.   

ნაციონალური” მოძრაობის” წევრი დავით კირკიტაძე ცოტა ხნის წინ დააკავეს. ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელში გაავრცელა “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ ნიკა მელიამ, რომელიც დაკავებისას დავით კირკიტაძესთან ერთად იმყოფებოდა. ოპოზიციონერები ერთად გადაადგილდებოდნენ ავტომობილით და ეჭვი გაუჩნდათ, რომ მათ ფარულად უთვალთვალებდნენ.

ნიკა მელიამ სოციალურ ქსელში პირდაპირი ეთერი ჩართო და ავტომობილთან მივიდა, სადაც პოლიციელები ისხდნენ. ამის შემდეგ ვითარება დაიძაბა და ადგილზე დამატებით რამდენიმე პოლიციის ეკიპაჟი გამოცხადდა, სწორედ ამ დროს დააკავეს დავით კირკიტაძე.


კირკიტაძის დაკავებას წინ უძღოდა სამართალდამცავების მობილიზება მის საცხოვრებელ სახლთან.

დღესვე შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, რომ ოპოზიციონერის დავით კირკიტაძის მხრიდან ადგილი ჰქონდა პოლიციელებზე თავდასხმას და ნივთების დაზიანებას. მისი თქმით, თუ ვინმემ ნახა, რა მოქმედებებს ახორციელებდა ბატონი კირკიტაძე, ალბათ, გასაკვირი არ უნდა იყოს, რატომ დაინტერესდა გამოძიება მისით.


“ბატონი კირკიტაძე ალბათ მიიღებს მონაწილეობას საგამოძიებო მოქმედებებში, ყოველ შემთხვევაში ჩვენ ამის სურვილი გვაქვს. ამ ეტაპზე ჩემთვის უცნობია, რა საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს ამ წუთებში მასთან დაკავშირებით”,განაცხადა მეზვრიშვილმა.


თავად პოლიტიკოსი ამბობდა, რომ მის სახლთან დღეს სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებულნი.

“აბრახუნებდნენ კარებზე. მას შემდეგ, რაც დავურეკე ჩემს მეგობრებსა და ჟურნალისტებს, დატოვეს სადარბაზო”, თქვა კირტიაძემ. ოპოზიციის ინფორმაციით, სამართალდამცავებლა უკვე დატოვეს მიმდებარე ტერიტორია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, “ნაციონალური მოძრაობის” წევრის, დავით კირკიტაძის სახლთან პოლიციელთა მობილიზება სოფელ ველისციხეში 16 დეკემბერს განვითარებული მოვლენების ფარგლებში დაწყებულ გამოძიებას უკავშირდება. გამოძიება სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით, პოლიციის მიმართ მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით წინააღმდეგობას და ძალადობას გულისხმობს.