შსს-მ დიღომში მამაკაცის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა, ამის შესახებ განცხადება შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1999 წელს დაბადებული გ.შ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 26 მარტს თბილისში, დიდ დიღომში, იოანე პეტრიწის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკებისას, სხეულზე ცივი იარაღით სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენა 2000 წელს დაბადებული გ.კ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

პოლიციამ ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში, თბილისში დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით.”- ნათქვამია განცხადებაში.