შსს–მ ძმის მკვლელობაში ბრალდებული დააკავა

ბაკურიანში ძმის განზრახ მკვლელობის ბრალდებით 20 წლის ადამიანი დააკავეს. გამოძიების თანახმად, ბაკურიანში “ოჯახური კონფლიქტის და ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე” ბრალდებულმა 10 წლით უფროს ძმა ცივი იარაღით რამდენჯერმე დაჭრა. უწყების ინფორმაციით, ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

„ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ დაბა ბაკურიანში ოჯახური კონფლიქტის და ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ბრალდებულმა ძმას 1989 წელს დაბადებულ გ.ბ.-ს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. პოლიციამ ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან მალევე, ბაკურიანში დააკავეს. სამართალდამცველების მიერ ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა“, – აცხადებენ შსს-ში.

უწყების ინფორმაციით, ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობა 13-იდან 17 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.