შსს-მ ემზარ კვიციანსა და აქციის მონაწილეებს შორის მომხდარ დაპირისპირებაზე გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დეპუტატ ემზარ კვიციანსა და აქცია „სირცხვილიას“ წარმომადგენლებს შორის მომხდარ დაპირისპირებაზე გამოძიება დაიწყო.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოში პარლამენტის შენობის მიმდებარედ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

გამოძიების ფარგლებში, ჩატარდება ყველა საგამოძიებო მოქმედება, გამოიკითხებიან ინციდენტში მონაწილე პირები, ასევე, მოხდება არსებული ვიდეოჩანაწერების შესწავლა, რის შემდეგაც ქმედებას მიეცემა შესაბამისი სამართლებრივი შეფასება“, – აცხადებენ შსს-ში.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის შენობასთან დაპირისპირება რამდენიმე საათის წინ მოხდა. აქცია „სირცხვილიას“ მონაწილეებთან დეპუტატი ემზარ კვიციანი მივიდა, რომელმაც მომიტინგეებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. აღნიშნულს შეხლა-შემოხლა მოჰყვა.