როგორც სატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა თეიმურაზ კუპატაძემ განაცხადა, დანონსებული იყო მარშრუტი, თუ საიდან უნდა ემოძრავა კოლონას, მაგრამ ოპოზიციას არ სურს იმ მიმართულებით წავიდეს.
“ჩვენ განვსაზღვრავთ მარშუტებს. არ ვუზღუდავთ მოქალაქეებს გადაადგილებას, არამედ ვაძლევთ მიმართულებას, რა მიმართულებით უნდა მოხვდნენ თელავში”, – განაცხადა კუპატაძემ “რუსთავი 2-ის” პირდაპირ ეთერში.
გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები ამბობენ, რომ ისინი სპეციალურად არ წავიდნენ გომბორის უღელტეხილის გავლით, ვინაიდან ხელი არ შეეშალათ სტუმრებისთვის, თუმცა პოლიციამ ალტერნატიული გზაც დაუკეტა და გადაადგილების თავისუფლება შეუზღუდა. გიორგი ვაშაძის ინფორმაციით, მესამე გზა, ყვარლის გავლით, ასევე გადაკეტილია.
შსს-ს განცხადებით, საპროტესტო მსვლელობის და აქციების მიმდინარეობისას, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მიერ, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი.
ოპოზიციის კოლონა ამ დროისთვის [12:55] გაჩერებულია გურჯაანი-თელავის გზაზე, ყვარლის გადასახვევთან. პოლიცია მათ გზის გაგრძელების საშუალებას არ აძლევს. აქედან პირდაპირ თელავამდე, დაახლოებით, 30 კილომეტრია დარჩენილი. რაც შეეხება სხვა მარშრუტს, ყვარლის გავლით თელავამდე 60 კილომეტრზე მეტია გასავლელი.